ევროკავშირი მექსიკას მოუწოდებს, დააკავოს პუტინი, თუ ის ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება
ევროკომისიამ მექსიკის მთავრობას მოუწოდა, დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თუ ის ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის, კლაუდია შეიბაუმის ინაუგურაციას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სპიკერმა, პიტერ სტანომ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მექსიკის წევრობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) ნიშნავს, რომ ქვეყანა კანონიერად არის ვალდებული დააპატიმროს პუტინი, თუ იგი დათანხმდება ლათინური ამერიკის ქვეყნის მიწვევას ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად, რომელიც 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.
ამასთან, სტანომ აღნიშნა, რომ „მექსიკას, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანას, აქვს უფლება განავითაროს თავისი საერთაშორისო ურთიერთობები საკუთარი ინტერესების შესაბამისად“.
შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი 2023 წლის მარტში გასცა და რუსეთის პრეზიდენტს ბრალი წაუყენა ომის დანაშაულებში, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციაში უკრაინიდან რუსეთის ფედერაციაში 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.