ნარმანიას დავალებით, სატრანსპორტო კომპანია მგზავრობის მოწესრიგებას იწყებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, რადგან ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიების საქმიანობის ანგარიშის მოისმენის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად მოხდა იმის გაცნობა, თუ რა მდგომარეობაა დედაქალაქში ტრანსპორტის კუთხით. ნარმანიას განმარტებით, 2015 წლისთვის არის ვალდებულება, რომ ახალგაზრდული ოლიმპიადის სტუმრებს მერია ახალი ავტობუსებით მოემსახუროს.
“თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, რადგან ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი. თბილისის მეტროპოლიტენში მოძველებული სისტემაა, რომელიც აუცილებელ მოდერნიზაციას საჭიროებს, მათ შორის არის რამდენიმე სადგურში ესკალატროების გამოცვლა. არის უშულოდ მეტროსადგურების შეკეთება, რომელშიც ჩამოდის წყალი. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მოძველებულია ავტობუსების პარკი, რომელიც შეკეთებას საჭიროებს. ვაპირებთ, შევისყიდოთ ავტობუსები. EBRD-თან დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა იმისთვის, რომ მათი გრანტებით მოხდეს სატრანსპორტო სისტემაში არსებული მდგომარეობის დეტალური კვლევა-ანალიზი და ამის საფუძველზე დავგეგმოთ, თუ როგორი ფორმით წავალთ ჩვენ, მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა თბილისის მერმა.
რაც შეეხება მუნიციპალური ტრანსპორტის ტარიფებს, დავით ნარმანია განმარტავს, რომ ტარიფების გადახედვა არ იგეგმება.
“ხაზგასასმელია ის, რომ მუნიციპალიტეტი აფინანსებს სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველ პირებს, მათ შორის ომის ვეტერანებს და ასე შემდეგ და ასეთი ფორმით სუბსიდირება გაგრძელდება. ინერგება თანამედროვე სისტემები, რომლის მიხედვითაც ჩვენ გადახდასთან დაკავშირებით ადმინისტრირება უნდა გავაუმჯობესოთ, განსაკუთრებით ეს ეხება ავტობუსებს, სადაც დღემდე არსებობს დანაკარგი გადახდასთან დაკავშირებით”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. მისი თქმით, ავტობუსების ბოლო გაჩერებები მოწესრიგდება, გაკეთდება სველი წერტილები, სადაც მძღოლები შესვენების პერიოდში სადილობას შეძლებენ. “ძალიან ბევრი დავალებები მიიღო თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ და 10 დღის განმავლობაში მათ უნდა წარმოადგინონ ხედვები შემდგომ განვითარებაზე”, – აღნიშნა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები