რომან გოცირიძე: მერია და საკრებულო სწორ გზაზე დგანან!

„მერია და საკრებულო სწორ გზაზე დგანან და ნუ დავაფრთხობთ მათ ეროვნულ- არქიტექტული შეძახილებით“ – ასე ეხმაურება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში თბილისის მერის დღევანდელ განცხადებას, რომელიც პუშკინის მოედანზე ესტაკადას უკავშირდება. რომან გოცირიძე დავით ნარმანიას დღევანდელ ინიციატივას დადებითად აფასებს.
„თბილისის მერის არჩევნებში როგორც დავით ნარმანიამ, ასევე ნიკოლოზ მელიამ არაერთხელ განაცხადეს, რომ აუცილებლად გახსნიდნენ ორმხრივ მოძრაობას პუშკინის ქუჩაზე. ეს არის აუცილებელი. როგორი სასიამოვნოც არ უნდა იყოს ძველი თბილისის გალავნის ნანგრევების ყურება, ადრე თუ გვიან ამის გაკეთება მაინც მოგვიწევს, ვინაიდან მოხდება ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობის პარალიზება. როგორ გაკეთდება ეს: გვირაბის გაყვანით, ესტაკადის აშენებით თუ მისი კვლავ დაფარვით (ისე, რომ ნანგრევების ნახვა ნაწილობრივ მაინც გახდეს ხელმისაწვდომი), ეს დამოკიდებულია როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ შესაძლებლობებზე. თბილისის მშენებლობები მანამ იქნება პოლიტიზებული, სანამ იარსებებენ პარტიები. ახლა მერია და საკრებულო სწორ გზაზე დგანან და ნუ დავაფრთხობთ მათ ეროვნულ-არქიტექტული შეძახილებით“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, პუშკინის ქუჩაზე ესტაკადა აუცილებლად აშენდება. მისივე თქმით, წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის აშენებას უკავშირდებოდა, აუცილებლად შესრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები