თურქეთის საშუალო სკოლებში მოსწავლეებს ქართულ ენას შეასწავლიან
თურქეთის განათლების სამინისტრომ თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პროგრამა ითვალისწინებს მიმდინარე წლიდან თითოეულ საშუალო სკოლაში, ქართული ენის შემსწავლელი 10 და მეტი მოსწავლის არსებობის შემთხვევაში მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასებში ქართული ენის 244 საათიან სწავლების პროგრამას.
მათივე ცნობით, ამ პროგრამის შედგენაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თურქეთში ქართული კულტურის სახლის ხელმძღვანელს, თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიაში (თღთ) საქართველოს შესახებ მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმის (“კავკასიის ქარი”) ავტორს, ერდალ ქუჩუქსა (ელიზბარ ციმნარიძე) და ცნობილ ანკარელ მწერალს, ქევსერ რუჰს (ქეთევან ხანთაძე).
პროგრამის თარგმანში ქევსერ რუჰთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ პროფესორი ნანა კაჭარავა და ანკარის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, მარიამ გაფრინდაშვილი.
საქართველოს საელჩო ულოცავს თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურად ქართული წარმოშობის მოსახლეობას ამ ისტორიულ ფაქტს და მიღებული გადაწყვეტილების გამო, დიდ მადლობას უხდის თურქეთის ხელისუფლებას.