საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი გურიის რეგიონში იმყოფებოდა
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, პრემიერის დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზიანებული ობიექტები დაათვალიერა.
„სოფელ შემოქმედში მდინარე ბჟუჟის დონემ დაიკლო. აქტიურ ფაზაშია სარეაბილიტაციო სამუშაოები. მობილიზებულია ტექნიკა. პარალელურად, დაწყებულია ზარალის დათვლა. კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში შექმნილი სპეციალური კომისია იმსჯელებს. შემოქმედში ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სოფლებში გზები დაზიანდა. მიუხედავად იმისა, რომ მდინარე ბჟუჟის ნაპირზე დამცავი ჯებირები არსებობდა, ადიდებულმა მდინარემ გზა მაინც დააზიანა. მიმდინარეობს როგორც ჯებირების გამაგრება, ასევე გზის აღდგენა. შემოქმედში წყლის სათავო ნაგებობა დაზიანდა, რამაც მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება შეაფერხა. პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებულია, რამდენიმე დღეში კი სრულად გადაიჭრება. ამ დროისთვის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. მიმდინარეობს სკოლის ტერიტორიის გაწმენდა. სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ განახლდება“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
დაზიანებული ობიექტების დათვალიერების შემდეგ მუნიციპალიტეტის შენობაში გაიმართა თათბირი. განიხილეს ის საკითხები, რომლებიც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს, მათ შორის სოფლის მეურნეობის დაზიანებული სავარგულები. დაიგეგმა ღონისძიებები, რომელთა განხორციელების პროცესში შესაბამისი უწყებები ჩაერთვებიან. საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი, თათბირის დასრულებისთანავე, აჭარაში გაემგზავრა.