სოზარ სუბარი ევროსაბჭოს განვითარების ბანკის დირექტორის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გვანცა შენგელია, ევროსაბჭოს განვითარების ბანკის დირექტორის მოადგილე მიკოლაჟ დოლგიელევიჩს შეხვდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეების შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. სტუმრებმა მინისტრს და მინისტრის მოადგილეს ბანკის საქმიანობა გააცნეს. ევროსაბჭოს განვითარების ბანკს იუგოსლავიის კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებთან ოთხ ქვეყანაში (ხორვატია, ალბანეთი, მონტენეგრო და ბოსნია და ჰერცეგოვინა) მუშაობის პრაქტიკა აქვს. მინისტრმა სტუმრებს საქართველოში დევნილების და სამინისტროს სხვა ბენეფიციარების მიმართულებით არსებული სიტუაცია გააცნო.
შეხვედრის შემდეგ მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, რათა ევროსაბჭოს განვითარების ბანკი იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროექტების ახალი დონორი გახდეს.