ბათუმს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო და საფეხბურთო სტადიონი ექნება
ბათუმს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო და საფეხბურთო სტადიონი ექნება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი განცხადებით, 2015 წელს აჭარის მთავრობა საფეხბურთო სტადიონისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს პროექტების შესაძენად 750 000 ლარს გამოყოფს, აქედან 450 000 ლარი სტადიონის პროექტისთვის და 300 000 ლარი რესპუბლიკური საავადმყოფოს პროექტის შემუშავებასა და შეძენისთვის.
„მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებლად გავითვალისწინებთ სტადიონის პროექტის მომზადებას. ეს დიდი სიხარული იქნება ფეხბურთის მოყვარულთათვის, რადგანაც ძალიან დიდი მოთხოვნაა სტადიონზე, ვინაიდან უკვე 10 წელია რეგიონს სტადიონი არ აქვს. ამ ეტაპზე სტადიონის მდებარეობისთვის არჩევანი შევაჩერეთ ლეონიძის ქუჩაზე, ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის ტრიტორიაზე. რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ჩვენ დავაანონსეთ, რომ ზუგდიდის საავადმყოფოს პროექტი უფასოდ გადმოგვეცემოდა, მაგრამ პროექტი ბათუმისთვის და ამჟამინდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიისთვის არ გამოდგა, რადგან ჩვენ გვსურს შევინარჩუნოთ ამ ტერიტორიაზე არსებული ეზოს ცენტრალური ნაწილი. წლის ბოლომდე უკვე გვექნება რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი პროექტი. პირობებში ჩავდეთ ისიც, რომ ძველი შენობის ნგრევა და ახლის აშენება პარალელურ რეჟიმში მოხდეს და ეტაპობრივად გადავა პაციენტები და პერსონალი, ისე, რომ სამკურნალო პროცესი არ შეჩერდება“,- აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
სტადიონის პროექტის შეძენის შემდეგ დადგინდება მისი ღირებულება და გათვალისწინებული იქნება მომდევნო წლის ბიუჯეტში.