27 სექტემბერს „ქართულ – უკრაინული თანამეგობრობის დღე“ აღინიშნება
რესტორან „ხარებას“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანაორგანიზატორობით, არასამთავრობო ორგანიზაციის “პოზიცია“ და საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ მხარდაჭერით 27 სექტემბერს, 18:00 საათზე უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, „ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის დღე“ აღინიშნება.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადეს, ღონისძიება ორ ერს შორის კულტურულ თანამშრომლობას მიეძღვნება.
„უკრაინაში არსებული დაძაბული ვითარების გამო მათ ჩვენი სოლიდარობა და დახმარება სჭირდებათ. თანამეგობრობის დღე 27 სექტემბერს გაიხსნება და სხვადასხვა თაობის პოეტები ჩაერთვებიან. პროექტში ასევე მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ორი ქვეყნის თანამეგობრობისადმი მიძღვნილ საღამოზე „იმედის“ ფოტორეპორტიორის გურამ როგავას ფოტების გამოფენა გაიმართება, რომელიც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ასახავს. ჩვენი მიზანია, რომ ეს პროექტი არაპოლიტიზებული იყოს “, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ხელმძღვანელის გურამ ადამაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში.
რესტორან „ხარებას“ პიარ-მენეჯერის“ გრეტა სარქისოვას თქმით, პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება სოციალურ ქსელში სპეციალური გვერდის შექმნა, სადაც მსურველები თავიანთ შემოქმედებით ნამუშევრებს ატვირთავენ. შემდეგ კი აღნიშნული ნამუშევრები ერთიან სახეს მიიღებს და სოლიდარობის ნიშნად უკრაინაში გაიგზავნება.
„ამავე წიგნში მოხვდება ყველა ის ნახატი, რაც 27 სექტემბრის ღომისძიებაზე შეიქმნება“, – აღნიშნა სარქისოვამ.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადი არ იქნება:
„პროექტის ფარგლებში შესაძლებელია ქართველი და უკრაინელი ხელოვანების კავშირის ჩამოყალიბებაც. ეროვნული ბიბლიოთეკა მსგავს ღონისძიებებს დარბაზს პერმანენტულად დაუთმობს. ასევე, მზად ვართ, უკრაინელი ავტორების ნამუშევრები, რომლებიც ქართულად ითარგმნა და ეროვნულ ბიბლიოთეკაშია, ციფრულ ვარიანტად ვაქციოთ და მივაწოდოთ უკრაინელებს. მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა დგას არა მხოლოდ პოლიტიკაზე, არამედ ხელოვნებაზე“.