სადღობელაშვილი ნადარეიშვილს: ფარჩაკი თქვენი ქმარი, მისი მანიაკი ძმა და მისი მეგობარი ვანდალები არიან
“თავისუფალი თაობის” ერთ-ერთი წევრი ლადო სადღობელაშვილი ფეისბუქის საშუალებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლეს ანი ნადარეიშვილს პასუხობს. სადღობელაშვილი ნადარეიშვილს მისი მეუღლის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ახსენებს და ლექსიკას უწუნებს.
„მეტად სამწუხაროა, როდესაც თავდაცვის მინისტრის მეუღლე ქუჩის ბიჭის ტერმინოლოგიით საუბრობთ. მერწმუნეთ, ფარჩაკი თქვენი ქმარი, მისი მანიაკი ძმა და ის მისი მეგობარი ვანდალები არიან, რომლებიც საცოდავ პატიმრებს აწამებდნენ და ქუჩაში ახალგაზრდა პატიოსან ბიჭებს ხოცავდნენ. ისინი იმდენად მშიშრები არიან, რომ დაცვისა და აბჯრის გარეშე თავისი ლანდისაც ეშინიათ. ქალბატონო ანი, თქვენი სადისტი ქმრისგან და მისი ამფსონებისგან განსხვავებით, რომლებიც პატიმრებს მეუღლეებთან პაემნებს ჩუმად უღებდა, ოჯახის წევრებს უუპატიურებდა და შემდეგ აშანტაჟებდა, მე არ ვაკადრებ ჩემს თავს, რომ პატიმრის ცოლს იგივე უზრდელური ტონით დაგელაპარაკოთ, რასაც თქვენ კადრულობთ, ამიტომ ჩათვალეთ, რომ თქვენი უზრდელობა მიპატიებია, თქვენ და თქვენს შთამომავლობას ისიც გეყოფათ სასჯელად, რომ თანამედროვე “ჩიკატილოს” სადიზმისა და არაადამიანობის ეტალონის ახალაიების ოჯახის წევრები ხართ“, – წერს სადღობელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესზე “თავისუფალი თაობის” წევრები შეიჭრნენ, რამაც დარბაზში ხმაური გამოიწვია. “თავისუფალი თაობის” წარმომადგენლები ბაჩო ახალაიას მკვლელს უწოდებდნენ. აღნიშნული ინციდენტის შედეგად, მოსამართლემ “თავისუფალი თაობის” ერთ-ერთი წევრი ლადო სადღობელაშვილი 300 ლარით დააჯარიმა.
ინცდინდენტს ანი ნადარეიშვილი ფეისბუქის საშუალებით გამოეხმაურა.
„მივმართავ ლადო სადღობელაშვილს და მის დედიკოს (აი, ვიღაც ქალი რომ დაყვება). 29 სექტემბერს, 11 საათზეა ბაჩოს შემდეგი პროცესი და მობრძანდეს და გვითხრას, პირადად რა უნდა, დღეს კურდღელივით რომ მოვარდა, მაშინ, როცა არც ბაჩო იყო და არც მე, 29-ში მობრძანდეს დედიკოსთან ერთად! ველოდები! თუ არ მოვა, „ჩმორობაში“ ჩაეთვლება“, – წერს ნადარეიშვილი.