ევროკავშირის ლიდერები ახალი ხელმძღვანელობის კანდიდატურებზე ვერ შეთანხმდნენ

ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის მონაწილეებმა ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნაზე საბოლოო შეთანხმება ვერ მიიღეს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

„ეს შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა აზრთა გაცვლის, არჩევნების შედეგების გათვალისწინებისა და ევროსაბჭოს ოფიციალური შეხვედრისთვის მომზადებისთვის, რომელიც მომავალ კვირას აქ, ბრიუსელში გაიმართება. ვფიქრობ, მოლაპარაკებები სწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ დღეს, ამ ეტაპისთვის შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია. დღევანდელი შეხვედრა სასარგებლო ნაბიჯი იყო შემდეგი ევროპული საბჭოსთვის მოსამზადებლად, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღება მომავალ ოფიციალურ ევროპულ საბჭოზე, რომელიც მომდევნო კვირას გაიმართება“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, დიპლომატებს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ კონსერვატორები და სოციალ-დემოკრატები ვერ შეთანხმდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის არჩევა ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს, თუ ყოველ 2.5 წელიწადში.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ თანამდებობას მეორე ვადით, კიდევ 5 წლით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი შეინარჩუნებს, რომლის „ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიუ კოშტა განიხილება, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად კი – ესტონეთის პრემიერი კაია კალასი.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების მორიგი შეხვედრა მომავალი კვირის ბოლოს გაიმართება, სადაც ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის კანდიდატების საკითხს კვლავ განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები