ოპერის დასი ხელმძღვანელს თანამშრომლების დაშანტაჟებაში სდებს ბრალს
ოპერის დასის კრება ოპერის თეატრის სარეპეტიციო დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. კრებაზე სოლისტმა გოჩა დათუსანმა განაცხადა, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი თავის კაბინეტში იბარებს თანამშრომლებს და მათ დაკითხვას უწყობს, რაც შანტაჟის ფორმას ატარებს. სოლისტის ინფორმაციით, დავით კინწურაშვილმა თეატრიდან თანამშრომლები გაათავისუფლა. მათ შორის, მხატვარი მურაზ მურვანიძე, მუსიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი რევაზ ჭეიშვილი, სარეკლამო მასალების გავრცელების კოორდინატორი ვახტანგ გორდელი-ფალიაშვილი.
დათუსანის თქმით, ოპერაში არაჯანსაღი მდგომარეობა მკვიდრდება, წინასაარჩევნო დაპირებები არ სრულდება, სრულიად იგნორირებულია თეატრის სამხატვრო საბჭო და სამხატვრო ხელმძღვანელი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს. აღნიშნულ მოსაზრებებს არ დაეთანხმა დარბაზში მყოფი მუსიკოსების ნაწილი. ამასთან, დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი თემა კონცერტმეისტერ ლევან მჭედლიძის საკითხია. როგორც ლევან მჭედლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იგი სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა დააქვეითა და მთავარი კონცერტმეისტერის პოზიციიდან ვიოლინოების ჯგუფის კონცერტმეისტერად გადაიყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი დასის 80%-ის მოთხოვნით ახსნა. სოლისტების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ისინი ლევან მჭედლიძის დაქვეითებას არ ეთანხმებიან. სხდომას თავად სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი არ ესწრება.