თეა წულუკიანი ნიუ-იორკში ქართული კინოს რეტროსპექტივის გახსნას დაესწრო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ნიუ-იორკში ქართული კინოს რეტროსპექტივის გახსნას დაესწრო. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, “აღმოაჩინე ქართული კინოს” ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “საქართველოს ეროვნული არქივის” ოთხი დოკუმენტური ფილმი იქნება ნაჩვენები, რომლებიც მე-20 საუკუნის 30-იან წლებშია გადაღებული. მათივე ინფორმაციით, ქართული კინოს დღეების ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ქართული კულტურფილმების ჩვენება გაიმართება − “მიწის ძახილი” (1928 წ., რეჟისორი სიკო დოლიძე); “რასაც დასთეს, იმას მოიმკი” (1930 წ., რეჟისორი კოტე მიქაბერიძე); “დილის ათი წუთი” (1931 წ., რეჟისორი ალექსანდრე ჯალიაშვილი); “კოლმეურნის ჰიგიენა” (1934 წ., რეჟისორი ვახტანგ შველიძე).
“ეს ფილმები ინახება საქართველოს ეროვნულ არქივში და მათ შენახვა-შენარჩუნებასა და ხარისხის დაცვაზე ეროვნული არქივის თანამშრომლები ზრუნავენ; ამიტომ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, დიდად საამაყოა, რომ ქვეყნის ეს უნიკალური განძი ნაჩვენები იქნება ამერიკელი მაყურებლისთვის”, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. სამინისტროს ინფორმაციით, “კულტურფილმის” ჟანრიდან შერჩეულ ფილმებს აერთიანებს კონცეფცია “სხეული/მანქანა”. ფილმებიდან ორი − “რასაც დასთეს, იმას მოიმკი” და “მიწის ძახილი” − ახალგაზრდა სოციალისტური რესპუბლიკისთვის ძალიან აქტუალურ თემას − კოლექტიურ მეურნეობებში სამუშაო პროცესის მექანიზაციას და შრომის ახლებურ განაწილებას ეხება; ორიც − “კოლმეურნის ჰიგიენა” და “დილის ათი წუთი”, ასახავს სახელმწიფო პოლიტიკას სხეულის გაჯანსაღების საკითხებში.
როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, 2013 წელს ოთხივე დოკუმენტურ ფილმს გერმანიაში, ქალაქ მიუნხენის კინოლაბორატორიაში, CINEPOST ციფრული რესტავრაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც 2013 წლის ოქტომბერში იტალიის ქალაქ პორდენონეს უხმო ფილმების ფესტივალ LE GIORNATE DEL CINEMA MUTO-ზე იქნა ნაჩვენები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები