პრემიერის ანგარიში: ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების მიზნით, გრძელდებოდა კომპლექსური ღონისძიებების გატარება

საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, პიროვნული და პროფესიული განვითარებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის, თანაბარუფლებიანი გარემოსა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021− 2030 წწ სახელმწიფო სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ფარგლებში დასახული ამოცანების განხორციელება, – ამის შესახებ საუბარია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ანგარიშში, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, კერძოდ, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების მიზნით, გრძელდებოდა კომპლექსური ღონისძიებების გატარება ქართული ენის პოპულარიზაციის, შესწავლის შესაძლებლობების გაზრდისა და სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების, ისევე, როგორც ბენეფიციართა სეგმენტის გაზრდის მიმართულებით. მათ შორის:

  • სკოლამდელი და სასკოლო განათლების დონეზე ეტაპობრივად გაფართოვდა ორენოვანი განათლების მოდელის გეოგრაფიული არეალი და სახელმწიფო ენის ბილინგვური მეთოდით სწავლება 36 საბავშვო ბაღსა და 184 საჯარო სკოლაში დაინერგა;
  • რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში მაღალკვალიფიციური კადრების არსებული დეფიციტის დასაძლევად მუნიციპალიტეტებში მივლინებულ იქნა 397 ქართულენოვანი მასწავლებელი;
  • ინტენსიურ რეჟიმში წარიმართა პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით ადგილობრივი და ორენოვანი დამხმარე მასწავლებლების გადამზადების პროცესი;
  • სახელმწიფო ენის სწავლებისკენ მიმართული ძალისხმევის პარალელურად, ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენაზე განათლების უფლება სრულად რეალიზებული იყო როგორც სკოლამდელ დაწესებულებებში, ასევე მოქმედ არაქართულენოვან საჯარო სკოლებში/სექტორებზე. ამავდროულად, ადგილობრივი თემის მოთხოვნის საფუძველზე, მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების − ოსური, ასურული, ჩეჩნური, უდიური, ხუნძური ენების სწავლება 12 სკოლაში მიმდინარეობდა;
  • არაქართულენოვანი სკოლების 4000-ზე მეტი პედაგოგი ჩაერთო სხვადასხვა პროფესიული გადამზადებისა და ქართული ენის შემსწავლელ პროგრამებში;
  • ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ზრდასრული მოქალაქეების მხრიდან სახელმწიფო ენის შესწავლის მოთხოვნის საპასუხოდ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სახელმწიფო დაფინანსებით სთავაზობდა შესაბამის პროგრამებს, როგორც 12 ცენტრში, ასევე საჯარო ორგანიზაციებში, სამხედრო სამსახურსა და რელიგიურ დაწესებულებებში, ასევე საცხოვრებელ ადგილზე. საანგარიშო პერიოდში 6000-ამდე პირმა გაიუმჯობესა ქართული ენის ცოდნის დონე პირისპირ, დისტანციური თუ ჰიბრიდული სწავლების ფორმით, მათ შორის, ადგილობრივმა საჯარო მოხელეებმა;
  • ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად გრძელდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მასშტაბური სამშენებლოსარეაბილიტაციო პროექტების განხორციელება;
  • ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა პროფესიულ პროგრამაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ქართულ ენაში მომზადების კურსის დანერგვის შედეგად, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 289 ახალგაზრდა. სხვადასხვა პროფესიის სპეციფიკის გაცნობისა და ადგილზე დაუფლების შესაძლებლობა შექმნა პროფესიული უნარების საორიენტაციო და სასერთიფიკაციო კურსებმა, რომელიც შერჩეულ არაქართულენოვან სკოლებში დაინერგა;
  • უმაღლეს განათლებაზე გამარტივებული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, გაგრძელდა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (ე.წ. „1+4 პროგრამა“), რომელშიც 2023 წელს 1384 სტუდენტი ჩაერთო.
  • მიმდინარეობდა „1+4 პროგრამის“ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საჯარო სექტორში სტაჟირების სპეციალური პროგრამა, ახალგაზრდების პროფესიული უნარების განვითარების, საჯარო სფეროში მუშაობის გამოცდილების შეძენისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის მიზნით. პროგრამაში დღემდე 400-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
  • „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების/ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრების, კულტურულ-საგანმანათლებლო ტრენინგსემინარებისა და თემატური ღონისძიებების რამდენიმე ციკლი, 3000-ამდე ბენეფიციარის ჩართულობით, ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, ანტიდისკრიმინაცია, ადრეული ქორწინება, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სხვა; ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პროაქტიული მიდგომის ფარგლებში, მასშტაბურად განხორციელდა აქტუალურ თემატიკაზე სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო ბეჭდური და მედია მასალის თარგმნა. ხელმისაწვდომი იყო სატელევიზიო და ინტერნეტმაუწყებლობა ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენებზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადებული მასალები, ამავდროულად, რეგიონული ტელევიზიებითაც ვრცელდებოდა. ფუნქციონირება განაგრძო შვიდენოვანმა ვებპორტალმა (www.1tv.ge). სახელმწიფოს დაფინანსებით წლის განმავლობაში რეგულარულად გამოიცემოდა ყოველკვირეული გაზეთები − სომხურენოვანი „ვრასტანი“ და აზერბაიჯანულენოვანი „გურჯისტანი“.კანონმდებლობაზე ეთნიკური უმცირესობების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ითარგმნა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნის ვებგვერდზე განთავსდა 40-ამდე საკანონმდებლო აქტი, ამასთანავე, 30-ამდე საინფორმაციო მასალა ითარგმნა და განთავსდა შესაბამისი უწყებების ვებგვერდებზე.

სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში განხორციელდა მრავლობითი ინფრასტრუქტურული პროექტები შიდა გზების, საირიგაციო და სასმელი წყლის სისტემების, გარეგანათების რეაბილიტაციის, სკვერებისა და გასართობი სივრცეების მოწყობისა და სხვა მიმართულებებით, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე პოზიტიურად აისახა.

სახელმწიფო პროგრამებზე, მომსახურებებსა და უფასო იურიდიულ დახმარებაზე წვდომის ხელშესაწყობად, რეგულარულად მიმდინარეობდა საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კარდაკარ კამპანიები ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონების ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში. ჯამში, 250-ზე მეტი სოფლის 5000-ამდე წარმომადგენელს მათთვის გასაგებ ენებზე მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო და ეკონომიკური საქმიანობის მხარდამჭერი პროგრამებისა და სხვა შესაძლებლობების შესახებ“, – საუბარია ანგარიშში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 28 ივნისს წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები