თბილისში ვაცლავ ჰაველის მემორიალური დაფა გაიხსნა

 

  თბილისის მერი დავით ნარმანია და ვაკის გამგებელი გივი ჭიჭინაძე ჩეხეთის ელჩსა და პრაღის მე-6 უბნის გამგებელს, მარიე გოურალიგოვას შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთის დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, შეთანხმდნენ ვაკის რაიონისა და პრაღის მე-6 უბნის დაძმობილების საკითხზეც, – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერმა საქართველოში თვითმმართველობის რეფორმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ რამდენიმე თვის წინ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც დავით ნარმანიას თქმით, ქვეყანას კიდევ მეტი განვითარების პერსპექტივას აძლევს. პრაღის 6-ე უბნის გამგებელმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ ჩეხეთის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და აღნიშნა, რომ თბილისთან მჭიდრო ურთიერთობების საკითხებზე ის 2009 წლიდან, მისი მერის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდიდან, აქტიურად მუშაობს. შეხვედრაზე ვაკის გამგებელმა, გივი ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ვაკეში მდებარე ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის სახელობის სკვერში, სადაც დღეს მემორიალური დაფა გაიხსნება, ბიუსტის დადგმა იგეგმება. ჭიჭინაძის განცხადებით, შესაბამისი ტენდერი უახლოეს მომავალში გამიოცხადდება. პრაღის დელეგაციასთან დღეს თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას ჩეხეთის ელჩი საქართველოში, ტომაშ პერნიცკი, თბილისის მერი დავით ნარმანია, ვაკის გამგებელი, გივი ჭიჭინაძე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი მუსხელიშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები