საგანგაშო სტატისტიკა: ყოველი ხუთი ორსულიდან სამი აბორტს იკეთებს

2012 წელს აბორტების საერთო რაოდენობის მხრივ 40 ათასი აბორტი დაფიქსირდა, რაც მხოლოდ რეგისტრირებული აბორტების მაჩვენებელია, – ამის შესახებ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ უკანონო აბორტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დეპუტატის თქმით, არ არსებობს არარეგისტრირებული აბორტების ამსახველი მონაცემები. გათვლებით კი, დღეში დაახლოებით 100-150 აბორტი კეთდება. როგორც დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, ყოველი ხუთი ორსულიდან სამი აბორტს იკეთებს. დეპუტატის თქმით, უკანონო აბორტებზე გამკაცრებული სანქციები დანაშაულის სიმძიმის შესაბამისია. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უკანონო აბორტებთან დაკავშირებით ისეთი ლიბერალური დამოკიდებულება, რაც საქართველოშია, არც ერთ ევროპულ ქვეყნაში არ არსებობს. დეპუტატების: დიმიტრი ხუნდაძის და მირიან წიკლაურის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, უკანონო აბორტი დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 300-საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 1-დან 2-წლამდე, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით – თავისუფლების აღკვეთით- ვადით 2-დან 4-წლამდე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3-წლამდე. ასევე მკაცრდება ნორმები იმ შეთხვევებში, როცა უკანონო აბორტმა გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით -ვადით 4-დან 6-წლამდე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით – ვადით 3-წლამდე. კანონპროექტი სასჯელის ფორმად ჯარიმას აღარ ითვალისწინებს. ამასთან, აბორტების თემაზე პარლამენტმა კიდევ ერთი ახალი ნორმა მიიღო, რომლის მიხედვით, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით, სამედიცინო ჩარევის განხორციელებამდე 3-დღიანი მოსაფიქრებელი პერიოდი 5-დღემდე გაიზრდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები