გია ცაგარეიშვილი: დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, ამ ქვეყანაში საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება

“დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, ამ ქვეყანაში საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება. აკონტროლებს ამ პროცესებს ეროვნული ბანკი, თავისი კომპეტენტური გუნდით და ხელმძღვანელით. ჩვენ ვენდობით ეროვნულ ბანკს და აქედან გამომდინარე არაფერი საპანიკო აქ არ არის”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკის“ ეთერში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„მე არ ვარ ეკონომისტი და საფინანსო მიმართულების ექსპერტი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს თავიდან ბოლომდე არის სუფთა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია. მე რამდენადაც გადავამოწმე და მოვიკითხე, ბევრჯერ ყოფილა ამ ბანკების ფასიანი ქაღალდების ამგვარი გაუფასურება წინა წლებშიც და შემდეგ საწყის პოზიციებს უბრუნდებოდა ეს ფასი. მე შემიძლია ამ ბანკებს და მათ აქციონერებს მხოლოდ წარმატება ვუსურვო, მათ შორის ლონდონის საფონდო ბირჟაზეც. ვფიქრობ, ეს არის სუფთა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია, რომელიც უკვე აისახა ლარის კურსზე. ეროვნული ვალუტის ასეთი ვარდნებიც, ერთდღიანი, ორდღიანი, სამდღიანი ვარდნებიც ჩვენ გვახსოვს, შემდეგ ლარი უბრუნდებოდა თავის პოზიციებს და ინაზღაურებდა დანაკარგს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ამ ქვეყანაში საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება. აკონტროლებს ამ პროცესებს ეროვნული ბანკი, თავისი კომპეტენტური გუნდით და ხელმძღვანელით. ჩვენ ვენდობით ეროვნულ ბანკს და აქედან გამომდინარე არაფერი საპანიკო აქ არ არის. რაც უფრო ნაკლებად ჩაერთვებიან ჩემი ე.წ. კოლეგები სხვადასხვა ფლანგიდან და ისპეკულანტებენ ამ თემაზე, მით უკეთესი იქნება მათთვის, მათივე ჯიბეებისთვისაც და ჩვენი საზოგადოებისთვისაც. ეს ის სფეროა, სადაც ადამიანები არ უნდა შეიჭრან, მაგრამ არიან სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკაში იმ რანგის პოლიტიკოსები, რომლებმაც ყველანაირი ზღვარი გადალახეს“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა. ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7323 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6866 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0457 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები