პროგრამაში “აწარმოე საქართველოში” ცვლილებებია
პროგრამაში “აწარმოე საქართველოში” ცვლილებებია. როგორც მეწარმეობის განვითარების სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, 2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა ახალი სამთავრობო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” განხორციელება დაიწყეს, რომელიც მიმართულია საქართველოში მეწარმეობის განვითარებაზე, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერაზე, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობაზე, ამასთანავე, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდაზე.
“პროგრამის მიმდინარეობისას პრაქტიკაში გამოვლენილმა საჭიროებებმა მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების ინიცირება განაპირობა. ცვლილებების ავტორი და წარმდგენი სსიპ “მეწარმეობის განვითარების სააგენტოა”.
ცვლილებების თანახმად, მოხდა საკვები პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების (ხორცის, თევზის, კიბოსნაირების, მოლუსკების, ხილის, ბოსტნეულის გადამუშავების, გამზადებული კერძებისა და პურ-ფუნთუშეული პროდუქტების წარმოების გარდა) დამატება პროგრამის დარგების ჩამონათვალში. ცვლილების შეტანა განპირობებულია მეწარმე სუბიექტების მხრიდან გამოკვეთილი ინტერესით აღნიშნული ინდუსტრიის მიმართ და ასევე მზარდი მოთხოვნით ადგილობრივ ბაზარზე”, – აცხადებენ სააგენტოში.
მათი ინფორმაციით, განისაზღვრა საწარმოს ამუშავების ვადაც. ცვლილების თანახმად, ახალი წარმოების ამუშავება უნდა მოხდეს კომერციული ბანკის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან არა უგვიანეს ორ წელში, ხოლო, არსებული საწარმოს გაფართოება/გადაიარაღება უნდა დასრულდეს პირველი ტრანშის გაცემიდან არა უგვიანეს 12 თვეში.
“წარმოდგენილი ცვლილებები ხელს შეუწყობს პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველ მეწარმე სუბიექტთა რიცხვის ზრდას, რაც დადებითად იმოქმედებს საქართველოში ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე”, – აცხადებენ მეწარმეობის განვითარების სააგენტოში.