ინფორმაცია, თითქოს Facebook-ი ფასიანი გახდება, National Report-ის მორიგი დეზინფორმაციაა
დღეს მთელ მსოფლიოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოპულარული სოციალური ქსელი Facebook-ი ფასიანი გახდებოდა. როგორც აღმოჩნდა ამ დეზინფორმაციის წყარო ამერიკული გამოცემა National Report-ი იყო, რომელიც ცნობილია მსგავსი დეზინფორმაციების გავრცელებით.
ამერიკული გამოცემის National Report -ის სტატიის მიხედვით, თითქოს Facebook -ის ოფიციალური წყაროს გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მომხმარებელს 2014 წლის 1 ნოემბრიდან ყოველ თვიურად $2,99 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა.
როგორც უცხოური მედია იტყობინებიან, National Report-ი არ გახლავთ ოფიციალური მედიასაშუალება და არ მოეთხოვება რეალური ფაქტების გავრცელება. როგორც აღმოჩნდა, ეს საიტი დიდი ხანია დეზინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული. National Report-ის ყველაზე ცნობილი დეზინფორმაციული ნიუსები Facebook-ის შესახებ:
2014 წლის 18 აგვისტოს National Report-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სპეცსამსახურების დავალებით Facebook-ში შექმნილია ნარკოტიკებთან დაკავშირებული ჯგუფი. თითქოს ყველა მომხმარებელს დაიჭერენ, რომელიც ამ ჯგუფის წევრი გახდება. ამ ცნობას მაშინ Facebook-ის პიარ-მენეჯერმა „ეფექტური სიცრუე“ უწოდა.
2014 წლის 15 ივლისს გავრცელდა ცნობა, თითქოს ჯასტინ ბიბერთან ერთად ბრიტანული როკ-ჯგუფი Radiohead-ი იმღერებდა.
2013 წლის ოქტომბერში National Report-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად ბარაკ ობამა აპირებდა მუსულმანური მუზეუმისთვის ფულადი თანხა შეეწირა, რათა ის დახურვისგან ეხსნა.
2013 წლის ივლისში გამოცემა წერდა, რომ არიზონას გუბერნატორი იან ბრიუერი აპირებს სკოლებში გეებისათვის სავალდებულო კურსების შეტანას, რომელიც მათ დაეხმარება ტრადიციულ ორიენტაციაზე დაბრუნებაში. მაშინ ამ სტატიას გუბერნატორის პრესსამსახურის თანამშრომლების განრისხება მოჰყვა, რომლებმაც გამოცემის ქმედებას სამარცხვინო და ბოროტი უწოდეს.
2012 წლის ივლისში გამოქვეყნდა სტატია, თითქოს არალეგალმა ემიგრანტებმა აიღეს და თავის კონტროლს დაუქვემდებარეს ტეხასის შტატის ქალაქი სარიტა.