დავით შავლიაშვილი: ხვალ ღამე აჭარაში კვლავ დიდი ოდენობით ნალექს ველოდებით
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძესთან ერთად ბათუმში დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 23 სექტემბრის ღამეს აჭარაში კვლავ დიდი ოდენობით ნალექია მოსალოდნელი. მისი თქმით, დღეს შედეგების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები დაიგეგმება.
“პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილია ჯგუფი. ამ ჯგუფში რამდენიმე სამინისტროა გაერთიანებული, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, შს სამინისტრო და კრიზისების მართვის ცენტრი. ჩვენი ჯგუფები ადგილზე არიან, ასევე გზების დეპარტამენტი მუშაობს. შეფასება, თუ რა ტიპის და რამხელა ზარალი იყო, ამაში ადგილობრივ მთავრობას დაეხმარებიან ჩვენი ჯგუფები. ტექნიკაც ადგილზეა მობილიზებული. ხვალ ღამე ველოდებით ამინდის გაუარესებას და საკმაოდ დიდი ნალექია მოსალოდნელი. თათბირი გაიმართება და დაიგეგმება, თუ როგორ დავეხმაროთ მთავრობას, რომ ზარალი იყოს მაქსიმალურად არიდებული”, – აღნიშნა დავით შავლიაშვილმა.
მისივე თქმით,ზარალის აღწერის შემდეგ მთავრობა განიხილავს, თუ რა სახის დახმარება შეიძლება გაეწიოთ დაზარალებულებს.