სოფელ დვანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ცერემონიას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი ნილ სკოტი, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სიმონე ვოლკენი, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ესწრებოდნენ.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, საქართველოს მთავრობის მოწოდების პასუხად, გამახვილებულიყო ყურადღება გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის მიმართ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა, ევროკავშირის დაფინანსებით, შიდა ქართლის გამყოფი ხაზის ტერიტორიაზე მდებარე სოფლების მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ზამთრისთვის სამზადისისთვის საჭირო ღონისძიებები განახორციელა. მათ შორის იყო დვანის საბავშვო ბაღის აღდგენა. ობიექტი შეირჩა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ და მავთულხლართების აღმართვის შედეგად დაზარებული მოსახლეობის საჭიროებებს მოერგო. დვანის საბავშვო ბაღი 1988 წელს აშენდა და მას შემდეგ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. საბავშვო ბაღი განსაკუთრებით 2008 წლის ომის დროს დაზიანდა.