საქართველოსა და თურქეთის საბაჟოებს შორის თანამშრომლობის ასამაღლებლად საბაჟო კომიტეტი დაარსდა

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო უწყებებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დელეგაცია, უწყების ხელმძღვანელის, ირაკლი გვარამაძის მეთაურობით, თურქეთში იმყოფებოდა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ანტალიაში ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა მე-3 შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორი ქვეყნის საბაჟო სტრუქტურებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გამო. მიმოიხილეს საქართველო-თურქეთის საზღვარზე არსებულ გამშვებ პუნქტებში ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და პროცედურული საკითხები.
როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, სარფის საბაჟო- გამშვები პუნქტის განსაკუთრებით მაღალი დატვირთვის გამო, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უახლოეს მომავალში სარფის საბაჟო- გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეს ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყოს. მხარეები ასევე შეთანხმდნენ მომავალი წლის ბოლომდე ახალი საავტომობილო გამშვები პუნქტის – “კარწახი-ჩილდირ აკტაშის” გახსნის ერთობლივი ცერემონიის ორგანიზების თაობაზე. ორი ქვეყნის საბაჟოებს შორის თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაციისა და ეფექტურობის ასამაღლებლად, ერთობლივი საბაჟო კომიტეტი დაარსდა, რომლის წესდებასაც ხელი აღნიშნულ შეხვედრაზე მოეწერა. ერთობლივი საბაჟო კომიტეტი საშუალებას იძლევა, კიდევ უფრო გაღრმავდეს კომუნიკაცია საბაჟო უწყებების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს შორის, რაც, თავის მხრივ, კონკრეტული პრობლემების გადაჭრის უფრო ოპერატიული და ეფექტური გზაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები