ეკატერინე მიქაბაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მრგვალი მაგიდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, Credo Bank-თან და Mastercard-თან თანამშრომლობით გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ სიხარულიშვილი.

შეხვედრაზე განიხილეს მიკროსაფინანსო ინდუსტრიის ძალისხმევა მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, დაბალშემოსავლიანი ჯგუფების, ქალი მეწარმეების ხელშეწყობის, ფინანსური მდგრადობისა და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული საკითხები. ასევე საუბარი შეეხო დიჯიტალიზაციის ეფექტს მიკროსაფინანსო ინდუსტრიაზე და გაძლიერებულ კონკურენციის საკითხებს.

ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს ფინანსური და ციფრული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას. ასევე სტრატეგიები, რომლებიც მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისა (MSMEs) და ქალთა ხელმძღვანელობით წამოწყებული ბიზნესების მხარდაჭერას.

ეკატერინე მიქაბაძემ შეხვედრის მონაწილეებს მიკროსაფინანსო ინდუსტრიის შემდგომი განვითარების საკანონმდებლო და საზედამხედველო შესაძლებლობები, მიკროსაფინანსო სექტორში მდგრადი დაფინანსების პოტენციალი და ფინტექებისა და დიჯითალიზაციის მიმართულებით სებ-ის მიდგომები გააცნო.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, მარეგულირებელი ორგანოებისა და ფინტექ კომპანიების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები