ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესია გახსნა

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიას უხელმძღვანელა.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, კიდევ ერთხელ, ისაუბრა წლიური შეხვედრის ჩატარების მნიშვნელობაზე, როგორც ორმხრივი ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით.

„57-ე წლიური შეხვედრის თემაა „ხიდი მომავლისკენ” – ეს სახელწოდება რამდენიმე მიზეზის გამო შევარჩიეთ. ესენია – საქართველოს როლი და გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ევროპასა და აზიას შორის. ასევე, ის იმპულსი, რომელიც მსოფლიოში შეინიშნება პანდემიიდან გამოსვლის, უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებულ გლობალურ კრიზისთან გამკლავების, სხვა კონფლიქტების, ასევე, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის, მისი ეფექტის შერბილების გზების ძიებისა და სხვა გამოწვევებიდან გამომდინარე.

საქართველო ეტაპობრივად მიიწევს წინ სტრატეგიული მიზნების განხორციელების გზაზე. ესენია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება, არსებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულება, შუა დერეფნის კონტექსტში დაკავშირებადობის უნარის გაძლიერება, მყარი ადამიანური კაპიტალის შექმნა. თუმცა, სამომავლოდ გასაკეთებელი მაინც ბევრია. მსოფლიოს ირგვლივ მრავალი ქვეყნის ეკონომიკამ მოახერხა მდგომარეობიდან გამოსვლა. მათ შორისაა საქართველო, რომელმაც გამძლეობა გამოაჩინა.

2021-2022 წლებში, პოსტ-პანდემიური უარყოფითი გავლენის და რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში, ძლიერი ფისკალური კონსოლიდაციის პირობებში, საქართველოს ეკონომიკამ ორნიშნა ზრდის ტემპი აკრიფა და ზედიზედ ორი წლის განმავლობაში შეინარჩუნა ეს დინამიკა, რითაც ქვეყანა პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდა. საშუალოზე მაღალი ეკონომიკური ზრდა 2023 და 2024 წლებშიც შენარჩუნდა. წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის ზრდა 7.5 პროცენტია, ხოლო 2024 წლის პირველი კვარტლის შედეგი 7.8 პროცენტიან ზრდაზე მეტყველებს.

ამ გამოწვევებით სავსე პირობებში, ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტები კვლავ გულისხმობს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და დროებით პოზიტიური ფაქტორის ნებისმიერი შესაძლო უკუსვლისთვის მზაობას, უარყოფითი გავლენების შერბილებასა და სტრუქტურული რეფორმების გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფას”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით საქართველო განაგრძობს წარმატებულ თანამშრომლობას აზიის განვითარების ბანკთან.

„დივერსიფიცირებული პორტფელის ფარგლებში (ჯამურად, დაახლოებით, 4.5 მილიარდი აშშ დოლარი) ბანკი აფინანსებს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებს. ვიმედოვნებთ, რომ აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობა სამომავლოდ საქართველოსთვის პრიორიტეტული ისეთი მიმართულებებით გაგრძელდება, როგორიცაა ენერგო უსაფრთხოება და ენერგო დამოუკიდებლობა. ეს ყოველივე შესაძლებელი გახდება მწვანე და განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდით, გადამცემი ხაზების საშუალებით გაძლიერებული დაკავშირებადობით, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით, სახმელეთო და ციფრული დაკავშირებადობის უნარის მქონე ინფრასტრუქტურით, საწარმოებში კორპორატიული მმართველობის რეფორმირებით, ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებით. ეს და სხვა მრავალი მიმართულება ჩვენი დღის წესრიგის მთავარი პრიორიტეტებია”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, მომავლისკენ ხიდის გასადებად ყველას სჭირდება ძლიერი რეგიონული სინერგია.

„მომავლისკენ ხიდის გასადებად ყველას გვჭირდება ძლიერი რეგიონული სინერგია და განვითარებაზე ორიენტირებული პარტნიორების მხარდაჭერა. მათი ხელშეწყობა გადამწყვეტია დივერსიფიცირებული და ინოვაციური ინსტრუმენტების გამოსაყენებლად, რაც მოხსნის არსებულ შეზღუდვებს (მაგ. ადგილობრივ ვალუტებში გაიზრდება დაკრედიტება, ისევე, როგორც კერძო სექტორის ჩართულობა, სხვ.). არსებული გამოწვევების ხასიათიდან გამომდინარე,  საჭიროა მყისიერი რეაგირება და არასტანდარტული გადაწყვეტილებები. აზიის განვითარების ბანკსა და მის სამოქმედო არეალში შემავალ ქვეყნებს მოვუწოდებთ ერთად ვიმუშაოთ ამ გადაწყვეტებზე, რათა დაკრედიტების მეტი სურვილი გაჩნდეს ფისკალურად მდგრად ვითარებაში და საბოლოო ჯამში, მიღწეული იქნეს მდგრადი განვითარების მიზნები და დაკმაყოფილდეს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გლობალური დღის წესრიგის მოთხოვნები”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

დღესვე, აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიაზე ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარისა და 57-ე წლიური შეხვედრის მასპინძლის რანგში ლაშა ხუციშვილმა, იტალიის წარმომადგენელს 2025 წლის ADB-ის 58-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლის სტატუსი ოფიციალურად გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები