ირაკლი ქარსელაძემ აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე – ევროპული დაკავშირებადობა და შუა დერეფანი.
დისკუსიის მიზანი იყო შუა დერეფანში საქართველოს მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმა; ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისა და რეგიონული ინტეგრაციისათვის, ისტორიული სავაჭრო მარშრუტების გაცოცხლებით, შუა დერეფნის პოტენციალის განხილვა და აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობის სტრატეგიული ალტერნატივების შეთავაზება.
თავის გამოსვლაში, ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც ზრდის ქვეყნის, როგორც შუა დერეფნის ნაწილის პოტენციალს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის 64% ანუ 276 კმ უკვე გახსნილია ავტოტრანსპორტისთვის და სამუშაოები გრძელდება მაგისტრალური გზის 66,1 კმ-ზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დერეფნის შესაძლებლობებს.
ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის შემადგენელ რიკოთის ახალი გზის პროექტზეც, რომლის 70%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს – გახსნილია 36 კმ მაგისტრალური გზა, 97 ხიდიდან აშენებულია 89 ხიდი და 51 გვირაბიდან გაჭრილია 50 გვირაბი.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ გასულ კვირაში, სწორედ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე ორი მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებული შედეგი აღინიშნა. გაიხსნა ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ მაგისტრალური გზა და დასრულდა სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ სიგრძისა და 15 მეტრი დიამეტრის გვირაბის ბურღვა TBM-ით (გვირაბგამყვანი დანადგარით), რაც აზიის განვითარების ბანკის საქმიანობის ისტორიაშიც უნიკალური შედეგი იყო.
აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას საქართველოს დედაქალაქი თბილისი პირველად მასპინძლობს. 2 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით, წლიური შეხვედრების ფარგლებში, გაიმართება 70-მდე ღონისძიება, სადაც მაღალი დონის სესიების პანელებზე გაიმართება დისკუსიები გლობალური მნიშვნელობის სხვადასხვა საკითხზე.