ტელეკომპანია „დია” თანამშრომელთა უმეტესობამ დატოვა

ტელეკომპანია “დია” თანამშრომელთა უმეტესობამ, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნინო ჩიფჩიურმა, ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა, გადაცემების წამყვანებმა, განვითარების მენეჯერმა, მემონტაჟემ და ტექნიკურმა პერსონალმა დატოვა.
გადაწყვეტილების მიზეზებზე “კვირა“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნინო ჩიფჩიურს ესაუბრა. მის თქმით, მიზეზი ის სამუშაო ხელშეკრულებები გახდა, რომელიც ტელევიზიის ხელმძღვანელმა მაია ტატულაშვილმა მათ ხელმოსაწერად გადასცა. როგორც ჩიფჩიური აცხადებს, აღნიშნულ ხელშეკრულებაში დასაქმებულთა არცერთი უფლება არ იყო ნახსენები.
„დიას“ საინფორმაციო სამსახურის ახლა უკვე ყოფილი ხელმძღვანელი არხის თანამშრომლებსა და ტელევიზიის ხელმძღვანელობას შორის გამართულ ბოლო შეხვედრასაც იხსენებს და აცხადებს, რომ თათბირს მაია ტატულაშვილის მეუღლე, “დია“-ს კომერციული დირექტორი დავით მელაძე ნასვამ მდგომარეობაში ესწრებოდა. მისი თქმით, მელაძემ არხის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენა, რაც შეიტყო, რომ ისინი ხელშეკრულების პირობებს არ ეთანხმებოდნენ.
“მაია ტატულაშვილი და მისი მეუღლე ითხოვდნენ მათ მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულებებისთვის ხელი მოგვეწერა. წარმოგვიდგინეს ხელშეკრულებები, სადაც ჩვენი არცერთი უფლება არ იყო ნახსენები. ჩვენ ვითხოვდით, რომ ეთიკის ქარტიის პრინციპები და მაუწყებლობის ქცევის კოდექსი შეეტანათ მასში. ჩვენ განვუმარტეთ, რომ ხელშეკრულებაში შესულ პირობებს არ ვეთანხმებოდით, ალტერნატივა არ დაგვიტოვეს“,- განუცხადა “კვირას“ ნინო ჩიფჩიურმა.
“დიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი დარწმუნებულია, რომ ხელშეკრულებების პირობებს იცნობს “დიას“ დამფუძნებელი გურამ გოგოლაძე, თუმცა, მისი თქმით, არხის თანამშრომლების პროტესტი გოგოლაძის მხრიდანაც რეაგირების გარეშე დარჩა. ჩიფჩიური აცხადებს, რომ გოგოლაძის გარეშე ტატულაშვილი ერთპიროვნულად ვერ იმოქმედებდა. აღსანიშნავია, რომ გურამ გოგოლაძე ტელეკომპანია “დიას“ “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდიდან ფლობს. გოგლაძე ყოფილი ხელისუფლების დროს შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორთან და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრთან ლადო ვარძელაშვილთან დაახლოებული პირი იყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გურამ გოგოლაძემ „დიას“ იმჟამინდელ თანამშრომლებს 2 თვის ხელფასი არ გადაუხადა, რის შემდეგაც „დიას“ საინფორმაციო სამსახურის გუნდმა ტელევიზია დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები