„ერთად გადარჩენილი მოქვის სახარება“

6 ოქტომბერს, 17 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში, საკონსერვაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოქვის სახარების გამოფენა–პრეზენტაცია სახელწოდებით: „ერთად გადარჩენილი მოქვის სახარება“ გაიმართება. სახარების ფურცლები ფართო საზოგადოებისთვის ათწლეულების მანძილზე პირველად გამოიფინება. ოთხთავი აფხაზეთში, 1300 წელს, მოქვის ღვთისმშობილის ტაძრისთვის, დანიელ მოქველი ეპისკოპოსის დაკვეთით გადაწერილი, ეტრატზე ნუსხურით შესრულებული, მდიდრულად მოხატული და გაფორმებული უნიკალური ხელნაწერია. მასში არსებული ოქროს ფირფიტებზე მოხატული, გასხვავებული ტექნიკით შესრულებული მინიატურების, საზედაო ასოების და თავსამკაულების რაოდენობა 531 შეადგენს.
ძლიერ დაზიანებული ოთხთავის მომავალში საბოლოო განადგურების თავიდან ასაცილებლად დაიგეგმა და 2010-13 წლებში განხორციელდა პროექტი „გადავარჩინოთ მოქვის სახარება“ რომლის ფარგლებშიც ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება: საქველმოქმედო აუქციონი, პიანისტ ელისო ბოლქვაძის კონცერტი ბათუმის თეატრში და სხვ. სადაც ცენტრის მეგობართა საზოგადოების, ჩვენი თანამემამულეებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის თანადგომით მოხერხდა გარკვეული ფინანსების მოზიდვა ხელნაწერის დიაგნოსტიკისთვის. სწორედ ამიტომ, 2014 წელს, პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას ‘’ერთად გადარჩენილი მოქვის სახარება“ დაერქვა.
ღონისძიებაზე დასწრება მსურველისათვის თავისუფალია. სახარება, როგორც აღნიშნულია, პირველად გამოფინება. შემდგომში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ექსპონირება იშვიათად განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები