“ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან არის პოზიტიური გზავნილები, პოზიტიური სიგნალები”,- ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ხელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ვიცით, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც იმყოფებოდა ამერიკაში, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს როგორც კონგრესში, ისე სენატში. დღეს ამერიკის ადმინისტრაციასთან შეცვლილ დამოკიდებულებას ვუყურებთ, რაც შეიძლება პოზიტიურად აღიქვას თითოეულმა ქართველმა.
ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობა. ჩვენ გვაქვს შეთავაზება, რომ სუფთა ფურცლიდან დაიწყოს და განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა, სადაც მოყვანილი იქნება ორივე ქვეყნისთვის ის სარგებელი, რაც ამ თანამშრომლობის ფარგლებში შეიძლება ჩამოყალიბდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრები გაგრძელდება და ჩვენ გამოვალთ იმ ცრუ აღქმებიდან, რაც იყო წინა ადმინისტრაციის დროს საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ ყველას, ამერიკა იქნება, ევროპა თუ სხვა, ვესაუბრებით საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა ხელაძემ.