მიხაკო წერეთლის ხელნაწერი „გილგამეშიანი“
11 მაისს, 12 საათზე, 55-ე აუდიტორიაში გაიმართება ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების მიერ სტამბოლის ქართულ სავანეში მიკვლეული მსოფლიო ლიტერატურის პირველი ძეგლის – „გილგამეშიანის“ („გილგამეშის ეპოსი“) ხელნაწერის წარდგენა.
ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ინფორმაციით, ხელნაწერი ეკუთვნის მიხაკო წერეთელს. მან „გილგამეშის ეპოსი“ ლურსმული ფირფიტებიდან მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა თარგმნა ქართულად და უწოდა „გილგამეშიანი“.
ქართული არის ერთ-ერთი პირველი ენა, რომელზედაც ბაბილონური ეპოსი თარგმნა (1924) მიხაკო წერეთელმა.
„გილგამეშიანის“ ქართული თარგმანი 1924 წელს გამოსცა ქართველ კათოლიკეთა სავანემ. თარგმანი საბჭოთა პერიოდში აკრძალული იყო. აკრძალული თარგმანი საქართველოს მხოლოდ 2010 წელს დაუბრუნდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, კემბრიჯის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ქართველ კათოლიკეთა სავანის 1924 წლის რეპრინტი გამოსცა.