მაია ომიაძე: დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია და სწორედ ამიტომ ლონდონის ცენტრალურ ადგილებში საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა

ლონდონის ცენტრალურ ადგილებში საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა და დღეიდან რეკლამა 46 ლოკაციაზე ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ადმინისტრაციამ დაიწყო მარკეტინგული კამპანია, რომლის მიხედვითაც  ბრიტანელ მოგზაურებს საქართველოს შესახებ საჭირო ინფორმაციას აწვდიან.

„დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია. 2025 წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმა ავიაკომპანიამ დაიწყო პირდაპირი ფრენები. თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით easyJet კვირაში ორი სიხშირით, ხოლო British Airways კვირაში ოთხი სიხშირით დაფრინავს“, – აღნიშნა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ბრიტანეთის ბაზარზე განხორციელებულმა ერთობლივმა მარკეტინგულმა აქტივობებმა შედეგი უკვე გამოიღო. წლის განმავლობაში დაგეგმილი კამპანიებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მასშტაბური გარე რეკლამაა.

„2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ბრიტანელი მოგზაურების რაოდენობა 46%-ით გაიზარდა. აღნიშნული კამპანია არ არის ერთადერთი, რასაც წლის განმავლობაში ბრიტანეთის ბაზარზე ვგეგმავთ, თუმცა ვფიქრობთ, რომ გარე რეკლამა ძალიან შთამბეჭდავი იქნება“, – განაცხადა ომიაძემ.

კამპანიის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში, ლონდონში საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლებსა და ფოტო კოლაჟებს 17 მილიონზე მეტი ადამიანი იხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები