პატარა პარაშუტები ბერლინის ცაზე — შოკოლადი, რომელმაც ბავშვებს იმედი დაუბრუნა
1948 წლის ზაფხული. დასავლეთ ბერლინი — ნანგრევებად ქცეული ქალაქი, რომელიც ახლახან გადაურჩა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ ომს, ახალი კოშმარის წინაშე აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირმა ქალაქისკენ მიმავალი ყველა სახმელეთო გზა ჩაკეტა. ბერლინის ბლოკადის მიზანი მარტივი და სასტიკი იყო: შიმშილითა და იზოლაციით გაეტეხა ორი მილიონი ადამიანის ნება.
ქალაქში ყველაფერი იწურებოდა: საკვები, ქვანახშირი, ელექტროენერგია. ერთადერთი იმედი ცა იყო. დაიწყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული მისია — Berlin Airlift. ყოველ რამდენიმე წუთში ტემპელჰოფის აეროპორტში მოკავშირეების სატვირთო თვითმფრინავები ეშვებოდნენ, რომლებსაც ქალაქისთვის სასიცოცხლო მარაგი მიჰქონდათ. ამ თვითმფრინავებს აეროპორტის მავთულხლართებთან შეჯგუფებული ბავშვებიც ელოდნენ.
ამერიკელი პილოტი, გეილ ჰალვორსენი, ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ამ საჰაერო ხიდზე მუშაობდა. ერთ დღეს მან აეროპორტის ღობესთან ბავშვების ჯგუფი შენიშნა. ჰალვორსენი გააკვირვა მათმა სიმშვიდემ — ომგამოვლილი ბავშვები არაფერს ითხოვდნენ, უბრალოდ ჩუმად უყურებდნენ თვითმფრინავებს. პილოტმა ჯიბეში მხოლოდ ორი საღეჭი რეზინი აღმოაჩინა.

მან ტკბილეული ბავშვებს გაუყო. ისინი, ვისაც რეზინი არ შეხვდათ, უბრალოდ ქაღალდს ყნოსავდნენ — მათთვის შოკოლადის სუნიც კი დიდი ხნის მივიწყებული ფუფუნება იყო. იმ წამს პილოტმა საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ მეორე დღეს მათთვის რაღაც განსაკუთრებულს გააკეთებდა.
გეგმა ასეთი იყო: ჰალვორსენმა თანაპილოტებს ტკბილეულის მარაგი გამოართვა, ცხვირსახოცებისა და ძაფებისგან კი, პატარა პარაშუტები დაამზადა. იმისთვის, რომ ბავშვებს ეცნოთ მისი თვითმფრინავი, მან პირობა მისცა: „დაშვებისას ფრთებს დაგიქნევთ“. სწორედ ამიტომ შეარქვეს მას მოგვიანებით „Uncle Wiggly Wings“.
თავიდან პილოტი ამას მალულად, სამხედრო ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე აკეთებდა. თუმცა, როდესაც ამბავი გასკდა და გენერალმა, უილიამ ტანერმა მომხდარის შესახებ გაიგო, მან ოპერაციას „მწვანე შუქი“ აუნთო. გენერალი მიხვდა, რომ ეს პატარა ჟესტი იმაზე დიდ გავლენას ახდენდა ხალხზე, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება. მალე პერსონალური ინიციატივა ოფიციალურ მისიაში გადაიზარდა, რომელსაც „Operation Little Vittles“ ეწოდა.

ინფორმაციამ ამერიკამდეც მიაღწია. ამერიკელი ბავშვები და საკონდიტრო ქარხნები ტონობით შოკოლადს აგროვებდნენ ბერლინელი თანატოლებისთვის. ბლოკადის დასრულებამდე ბერლინის ცაზე 250 000-ზე მეტი პატარა თეთრი პარაშუტი დაეშვა.
ბერლინელმა ბავშვებმა პილოტს კიდევ ერთი სახელი შეურჩიეს — Rosinenbomber (ქიშმიშის ბომბდამშენი). ქალაქში, რომელსაც ჯერ კიდევ ნანგრევებისა და დენთის სუნი ასდიოდა, ეს ტკბილეული ბევრად მეტს ნიშნავდა. ეს იყო დასტური იმისა, რომ სადღაც, ცის მიღმა, არსებობდა სამყარო, რომელსაც ისინი არ დავიწყებია.
გეილ ჰალვორსენმა 101 წლამდე იცოცხლა და სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი ბერლინელებისთვის „შოკოლადის ბიძიად“ დარჩა.
