მსოფლიოში “ჰანტავირუსის” შემთხვევების გამო ყურადღება გაიზარდა. საერთაშორისო ჯანდაცვის უწყებები ბოლო დღეებში განსაკუთრებით აკვირდებიან ანტარქტიდასთან მოძრავ საკრუიზო გემ MV Hondius-ზე დაფიქსირებულ ინფექციის აფეთქებას, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე, სამი ადამიანი გარდაიცვალა.
“ჰანტავირუსი” იმ ვირუსების ჯგუფია, რომელიც ძირითადად მღრღნელებში – განსაკუთრებით თაგვებსა და ვირთხებში – გვხვდება და ადამიანზე ინფიცირებული ცხოველის შარდით, ნერწყვით ან ექსკრემენტებით დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვით გადადის. დაავადება იშვიათია, თუმცა მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს.
ჰანტავირუსები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულ ფორმებს იწვევს: ევროპასა და აზიაში – ძირითადად თირკმლის დაზიანებით მიმდინარე ჰემორაგიულ ცხელებას; ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში კი ჰანტავირუსულ ფილტვის სინდრომს (HPS), რომელიც განსაკუთრებით მძიმეა. სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ ჩვეულებრივ “ჰანტავირუსი” ადამიანიდან ადამიანზე თითქმის არ გადადის. გამონაკლისად მიიჩნევა Andes-ის შტამი, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ფიქსირდება. სწორედ ამ ვარიანტს იკვლევენ ახლა საერთაშორისო უწყებები.
ვირუსის პირველი ნიშნები ხშირად გრიპს ჰგავს – მაღალი ტემპერატურა; ძლიერი სისუსტე; კუნთებისა და თავის ტკივილი; გულისრევა და ღებინება. მძიმე შემთხვევებში კი ვითარდება სუნთქვის უკმარისობა, ფილტვებში სითხის დაგროვება, თირკმლის დაზიანება და არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა.
ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (ECDC), ჯანმო და სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის უწყებები სწავლობენ საკრუიზო გემის, MV Hondius-ის შემთხვევას. ისინი ცდილობენ, დაადგინონ ინფექციის წყარო, მგზავრთა კონტაქტები და შესაძლო ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა, რადგან
შვეიცარიაში უკვე დადასტურდა ინფიცირება. თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ ფართო საზოგადოებისთვის რისკი დაბალია.
ამ დროისთვის “ჰანტავირუსის” წინააღმდეგ ფართოდ გამოყენებადი უნივერსალური ვაქცინა არ არსებობს. რაც უფრო ადრე მოხდება დიაგნოზი, მით მეტია გადარჩენის შანსი.
სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, მოერიდონ მღრღნელებით დაბინძურებულ ადგილებთან დაუცველ კონტაქტს და დაიცვან ჰიგიენის წესები.