თამარ იოსელიანი: ერთი წლის განმავლობაში ლონდონში საქართველოს შესახებ ინფორმაციას 17 მილიონზე მეტი ადამიანი გაეცნობა
„გაერთიანებული სამეფო ჩვენთვის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და აეროპორტების გაერთიანებასთან ერთად აქტიურად მუშაობს და შესაბამის ქმედით ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ნაკადები გაიზარდოს”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ლონდონში მიმდინარე მარკეტინგული კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრისას.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, უწყების მიერ საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, პოპულარიზების მიზნით გაერთიანებულ სამეფოში გაწეული სამუშაოები წარმატებულია, რაც, მათ შორის, ტურიზმის სექტორის სტატისტიკაშიც აისახა.
ამასთან, თამარ იოსელიანი ხაზს უსვამს, რომ 2025 წელს საქართველოს ავიაბაზარზე შემოყვანილ იქნა ორი უმსხვილესი ავიაკომპანია – British Airways და Easyjet და თბილისსა და ლონდონს შორის ავიამიმოსვლა კვირაში ექვსი სიხშირით სრულდება.
„შესაბამისი შედეგებიც გვაქვს, 2026 წლის პირველი კვარტალი საკმაოდ პოზიტიური იყო, დინამიურად მივდივართ ამ მიმართულებით – პირველ კვარტალში გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში დაახლოებით 46%-იანი მატება გვქონდა ტურისტული ვიზიტორების კუთხით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით”, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით დიდ ბრიტანეთში მიმდინარე მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ლონდონის სხვადასხვა ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა. კამპანია მოიცავს როგორც ციფრულ, ასევე სტატიკურ რეკლამას.
„ლონდონში შერჩეულ იქნა 46 პრესტიჟული ადგილი იმისთვის, რომ საქართველოს ცნობადობა ამაღლდეს. შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს შესახებ ინფორმაციას 17 მილიონზე მეტი ადამიანი გაეცნობა”, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.