სოზარ სუბარმა დევნილების პრობლემები მოისმინა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე, შოთა რეხვიაშვილი, მამუკა ცოტნიაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია სამეგრელოს რეგიონში დევნილებს შეხვდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ზუგდიდის, აბაშის, სენაკის, ჭითაწყალის და ახალსოფლის ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს ესტუმრა და მათი პრობლემებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა დევნილებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება ყველა იმ ფართის პირად საკუთრებაში გადაცემა, რომლებსაც დევნილი ოჯახები მართლზომიერად ფლობენ. გარდა ამისა, სამინისტრო დევნილ ოჯახებს გაზმომარაგების კომპანიებთან შუამდგომლობას გაუწევს, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება დევნილთა ჩასახლებების თანადაფინანსებით გაფიზიცირება.
„დილიდან დავდივართ სამეგრელოს რეგიონში, ვიყავით აბაშაში, სენაკში, ზუგდიდში, ახალ სოფელში. მოვინახულეთ 9 დევნილთა ჩასახლება და 3 ახალი მშენებლობა. სადაც ახლა ვიმყოფებით, ეს არის ყველაზე მასშტაბური მშენებლობა, 320 ოჯახისთვის. 8 კორპუსი უკვე დამთავრებულია და კიდევ 62 ოჯახისთვის 2 ახალი კორპუსი შენდება. მშენებლები პირობას გვაძლევენ, რომ საახალწლოდ ყველაფერი დამთავრებული იქნება, მათ შორის აღნიშნული 2 ახალი კორპუსის მშენებლობაც. მოპირკეთდება ეზოც. მშენებლობა მიმდინარეობს გერმანიის განვითარების ბანკის დახმარებით. მართლაც, ხარისხიანი მშენებლობაა. ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაზე მძიმე პირობებში მცხოვრები ოჯახების, ძირითადი მოთხოვნები იქნება დაკმაყოფილებული. აღნიშნულ 320 ოჯახს კიდევ ემატება 42 ოჯახი, რომლებისთვისაც ბინები ახალსოფელში შენდება და ზუგდიდში, 38 ოჯახისთვის რეაბილიტაცია ყოფილ საბავშვო ბაღს უტარდება“, – განაცხადა მინისტრმა სოზარ სუბარმა.
დევნილების მთავარ მოთხოვნებს საცხოვრებელი ფართების დაკანონება, ობიექტების გაზიფიცირება, წყალმომარაგებისა და საკანალაზიაციო სისტემების გამართვა წარმოადგენს. აღნიშნული ობიექტების დიდ ნაწილს სარეაბილიტაციო სამუშაოები წინა ხელისუფლების დროს ჩაუტარდა. თუმცა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ყველა შენობა ხელახალ რეაბილიტაციას საჭიროებს. სოზარ სუბარი ზუგდიდში, ფაიფურის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებსაც შეხვდა. მინისტრმა პირადად მოინახულა კომპაქტურ ჩასახლება „კარავი 1“-ში 40 დევნილი ოჯახის გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, სადაც ისინი 20 წელზე მეტია ცხოვრობენ.
„ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის თანახმად, დევნილების საცხოვრებელი ობიექტი ნგრევადია. აღნიშნული 40 ოჯახი, კრიტერიუმების შესაბამისად, ახლადრეაბილიტირებულ ობიექტზე მიიღებს ბინას. სამეგრელოს რეგიონში ვიზიტისას, მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა ასევე მოინახულეს დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისათვის ობიექტების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები. ზუგდიდში ოთხსართულიანი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართს 320 დევნილი ოჯახი მიიღებს. მინისტრმა ასევე დაათვალიერა ახალსოფელში ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც ბინას 42 დევნილი ოჯახი მიიღებს. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარებიის სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს. ზუგდიდში ნაწილობრივი რეაბილიტაცია უტარდება ბაგა-ბაღის შენობასაც, სადაც 38 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები