ICOM/ICAMT-ის მე-40 საერთაშორისო კონფერენცია
დღეს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნება მე-40 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „მუზეუმ-ნაკრძალები – ისტორიის სათავეებთან”. კონფერენცია 4 დღიანია და იგი ICOM/ICAMT-ისა (არქიტექტურისა და სამუზეუმო ტექნიკის საერთაშორისო კომიტეტი) და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით ხორციელდება.
საერთაშორისო კონფერენციის თემა ფოკუსირებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში მუზეუმ-ნაკრძალების (Site-Museums) განსხვავებული როლის განხილვასა და გაანალიზებაზე, მათი ადგილის უნიკალურობის შენარჩუნებაზე, განვითარების შესატყვისი თანამედროვე არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის შექმნაზე, დამთვალიერებელთა მომსახურების გაუმჯობესებასა და ხელმისაწვდომობაზე, ასევე, მუზეუმ-ნაკრძალების ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის გაზრდაზე, მდგრად განვითარებასა და სხვა საკითხებზე. ქართველ მეცნიერებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობას 50-მდე უცხოელი სპეციალისტი მიიღებს, მათ შორის ნიდერლანდებიდან, შვედეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და სხვა. კონფერენციის ჩატარება ხელს შეუწყობს ქვეყნის მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ქმედითი რეფორმების განხორციელებას საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც ქვეყანაში ამ ტიპის მუზეუმების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლისა და მათ მსოფლიო სამუზეუმო სივრცეში ინტეგრირების პროცესებს გააგრძელებს.