„უსინათლოთათვის ხელმისაწვდომი მხატვრობა“
23 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე საქართველოს უსინათლოთა კავშირის ინიციატივით განხორციელდება პროექტი „უსინათლოთათვის ხელმისაწვდომი მხატვრობა“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში უკრაინელი მხატვრის სერგეი პონუჩენუკის გამოფენა მოეწყობა. მისი შემოქმედება უნიკალურია, იგი წარმოადგენს ინოვაციას, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია. გამოფენა უსინათლო ადამიანებს ფერწერის სმენითი და ტაქტილური მეთოდის გამოყენებით აღქმაში დაეხმარება. ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრში მოღვაწე უსინათლო მუსიკოსები მიიღებენ.
გამოფენა თბილისში, ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს საგამოფენო დარბაზში 25 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ ის ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი ბათუმში გადაინაცვლებს. პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.