დავით ნარმანია დასუფთავების აქციაში ჩაერთო

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით კამპანია “ნუ დატოვებ ნარჩენებს – იზრუნე გარემო” მიმდინარეობს. მსოფლიო დასუფთავების დღეებისადმი მიძღვნილ დასუფთავების აქციაში მონაწილეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, შვედეთის ელჩმა მარტინა კვიკმა, „მწვანეთა მოძრაობის” პარტიის თანათავჯდომარემ ნინო ჩხობაძემ და მოხალისეობრივმა ჯგუფებმა მიიღეს. ღონისძიება აბანოთუბანში ნარჩენების სეპარაციის სიმბოლური აქციით დაიწყო (დახარისხება). პროექტის მონაწილეებმა სეპარირებული ნარჩენები, სიმბოლურად, შესაბამის ურნებში განათავსეს. კამპანია თბილისში, ასევე საქართველოს ყველა თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
კამპანიის ,,დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო” ფარგლებში, ყოველი წლის სექტემბერში ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციები იმართება, რომელშიც 134 ქვეყანაში და აქციაში 40 მილიონამდე ადამიანია ჩართული. 2014 წლის კამპანიის სლოგანია – “ჩვენი ქვეყანა… ჩვენი პლანეტა… ჩვენი პასუხისმგებლობა”
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი “ნარჩენების მართვის შესახებ”, რომელიც უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტს განსახილვევლად წარედგინება. კანონპროექტი საქართველოში ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს.
აქციას “დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო”, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიისა მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო”, მდგრადი განვითარების კავშირი ,,ეკოხედვა” და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი “ორქისი” ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები