ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქმა სადღესასწაულო წირვა აღავლინა
მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა _ პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი.
ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.
მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ „მშობლებად ღმრთისა” იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან – უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.