ნინო ბურჯანაძე ქვეყანაში “შეუქცევადი პროცესების” დაწყებას აანონსებს
ნინო ბურჯანაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს.
პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც ბურჯანაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, საქართველოში დღეს არსებული კონსტიტუციური მოდელი ქვეყანას დააზარალებს. პარტიის ლიდერი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირებაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არის ურთულესი მდგომარეობა, რამაც შეიძლება აბსოლუტურად შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს.
„ქვეყანაში არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, ჩამოვთვალოთ ნიშნები – პრეზიდენტი და მთავრობა არა თუ ერთმანეთს ელაპარაკებიან, არამედ ერთმანეთს ებრძვიან, ოღონდ ეს ის მთავრობაა, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ამბობდა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სააკაშვილთან კოჰაბიტაციაში იმიტომ, რომ პრეზიდენტთან დაპირისპირება ქვეყანას დააზარალებსო, დღეს კი ისინი უპირისპირდებიან საკუთარი გუნდიდან არჩეულ პრეზიდენტს. ქვეყანა იმართება ერთი ადამიანისგან, პარალმენტში წარმოდგენილია 40%-ით დამნაშავე ორგანიზაცია, დანარჩენი 60% წარმოდგენილია პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს რომ არ ამოფარებოდნენ, ცალ-ცალკე აღებული ვერც ერთი 5%-იან ბარიერსაც ვერ გადალახავდა. აი, ეს ადამიანები მართავენ დღეს საქართველოს. ქვეყანაში არის ურთულესი მდგომარეობა, რამაც შეიძლება აბსოლუტურად შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში ორი გზა რჩება, ან აბსოლუტურ ჭაობში ეფლობა ქვეყანა, ან გამწვავდება ეს კრიზისი და პირდაპირ დაპირისპირებაში გადაიზრდება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის. დღეს ჩვენი ქვეყანა სახელმწიფოებრიობის ნიშნებს კარგავს, ქვეყანა ქვეყანას არ ჰგავს, პარლამენტი პარლამენტს არ ჰგავს, სამარცხვინო მდგომარეობაში ვართ. დღეს მთელი მსოფლიო უკრაინაზეა გადართული და ჩვენთვის არ სცალია, თორემ რაც დღეს საქართველოში ხდება, ამის გამო, ალბათ, მსოფლიო დაგვცინებდა. როცა ვამბობდი, რომ არ შეიძლება კონსტიტუციაში ასეთი ცვლილებების მიღება, რაც აუცილებლად გამოიწვევს დაპირისპირებას ხელისუფლების შტოებს შორის-მეთქი, არავინ მისმენდა. ეს მოდელი, რაზეც დღეს არის ლაპარაკი, დააქცევს ქვეყანას, მე გამოვედი და ვთქვი, რომ ქვეყანაში ხდება კონსტიტუციური გადატრიალება, ხალხის ზურგს უკან ის პარტია, რომელსაც მოსახლეობის 3%-ზე მეტი მხარს არ უჭერს, რომელსაც არასოდეს არ გადაულახავს ბარიერი სხვისთან შეკვრის გარეშე და ესენი არიან “რესპუბლიკელები”, აწყობდნენ ქვეყანაში კონსტიტუციურ გადატრიალებას. შეიძლება მათ სჯერათ, რომ ეს არის სწორი მოდელი, მაგრამ დავინახეთ, რომ ეს მოდელი ქვეყანას პრობლემას უქმნის. ამაზე ვინმემ პასუხი არ უნდა აგოს?!“, – წერს ბურჯანაძე.