კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი “ერთობა” თბილისის მერიას მიმართავს
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი “ერთობა” განცხადებას ავრცელებს. ის დედაქალაქის ხელისუფლებას მიმართავს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულებისგან ცენტრ “ერთობაში” შედის ზარები ერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.
მათივე ინფორმაციით, დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის 2.2. მუხლით გათვალისწინებულ ხარჯებში სამი მილიონი ლარით განსაზღვრულია თბილისში არსებული კოოპერატიული კორპუსების დასრულება.
“აღნიშნული ზარებით ირკვევა, რომ ამ სამსახურების მიერ შექმნილ “სამუშაო ჯგუფში” მოხდა მხოლოდ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართვა, როდესაც არსებობს ამ არეალში მოქმედი რამდენიმე არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაცია. მოგიწოდებთ, იხელმძღვანელოთ დემოკრატიული, არაშერჩევითობის პრინციპებით. კერძოდ, თუ თქვენ მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ამ პროცესში “საზოგადოებრივი თვალის” პარალელურად ქმედება (რაც ჩვენი აზრით, აუცილებელია), გთხოვთ მოიწვიოთ და ითანამშრომლოთ ყველა ამ ორგანიზაციებთან. ამ მოთხოვნით ცენტრი “ერთობა” ორშაბათს, 22 სექტემბერს საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით მიმართვას გაავრცელებს”, _ ნათქვამია ცენტრი “ერთობის” მიმართულების კოორდინატორის ლაშა გეგეჭკორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.