თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს გაიხსნება
დღეს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნება. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალი 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრის სცენაზე სპექტაკლით “მოხეტიალეთა სიმღერები” გაიხსნება.
“ანსამბლ “რუსთავის” ცოცხალი შესრულების თანხლებით “მოხეტიალეთა სიმღერები” გამაოგნებელი სანახაობაა, რომელიც აღწერს მომლოცველთა შთამბეჭდავ მოგზაურობას. სპექტაკლი გამორჩეულად “აზიურია”, თუმცა იგი ცდება აზიის საზღვრებს. სპექტაკლში გამოყენებულია 3.5 ტონა ოქროსფერი მოციმციმე ბრინჯის მარცვალი და მიმდინარეობს ქართული ხალხური სიმღერის ფონზე. წარმოდგენას საფუძვლად აზიურ ქვეყნებში არსებული რელიგიური ღვთისმსახურების მდიდარი პრაქტიკა უდევს. ასევე, ჰერმან ჰესეს ნაწარმოები – “სიდჰარტჰა”. უძველესი რელიგიური რიტუალები ამ სპექტაკლში თვალისმომჭრელ სანახაობად არის ქცეული”, _ განაცხადეს სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, 90 წუთის განმავლობაში, სცენის კუთხეში გაუნძრევლად მდგარ მწირს გაპარსულ თავზე წვიმასავით ეყრება ბრინჯის მარცვლების მოციმციმე ნაკადი. ოქროსფერი ბრინჯის მარცვლები სცენაზე გარდაიქმნებიან ხან მდინარედ, ხან გორაკებად, ხან კი – უდაბნოდ. ბრინჯის ნაკადი კი ქმნის ზაფხულის წვიმის და ჩანჩქერის შთაბეჭდილებას. ამ ფონზე, დაძონძილ სამოსში გამოწყობილ მოცეკვავეებს, რომელთაც ხელში გრძელი ჯოხები უჭირავთ, მივყავართ მომლოცველთა მოგზაურობაში.
ანსამბლ “რუსთავის” ცოცხალი შესრულების თანხლებით სპექტაკლი 2011 წლიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყო წარმოდგენილი.
““GEORGIAN SHOWCASE + NEW MARKET” წელს ქართული სპექტაკლების პროგრამას 52 სპექტაკლითა და 54 საერთაშორისო სტუმრით შავი ზღვისა და კავკასიის თეატრალური დასები დაემატება.
სამინისტროს ინფორმაციით, 5 წლის განმავლობაში საერთაშორისო პროგრამამ სხვადასხვა ქვეყნიდან 77 კომპანიას და 160 სპექტაკლს უმასპინძლა, როგორც თბილისიდან ასევე რეგიონებიდან. ქართული სპექტაკლების პროგრამას 250 საერთაშორისო სტუმარი დაესწრო.