ბრუცელოზზე მსხვილფეხა პირუტყვის სისხლის ნიმუშების აღება დაიწყო
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს რეგიონებსა და თბილისში ბრუცელოზზე მსხვილფეხა პირუტყვის სისხლის ნიმუშების აღება დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, კახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში, ასევე თბილისში დაგეგმილია 172 324 სული მსხვილფეხა პირუტყვის სისხლის ნიმუშების აღება ლაბორატორიული კვლევისთვის.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, ბრუცელოზი ცხოველისა და ადამიანის საერთო, ძალიან საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელიც მაღალი ჯგუფის ინვალიდობას იწვევს. დაავადება განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს ბავშვებსა და ხანდაზმულებში. დაავადებული ცხოველები და მათი პროდუქტები ინფექციის გავრცელების წყაროა და ამდენად, ინფიცირებული ცხოველის დროული გამოვლენა საუკეთესო პრევენციაა. სისხლის გამოკვლევის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო აწარმოებს ცხოველების საყურე ნიშნებით დათაგვას. დაავადების პრევენციის მიზნით, უახლოეს მომავალში დაიგეგმება ცხოველებში ბრუცელოზის პროფილაქტიკური ვაქცინაცია. აღნიშნული ღონისძიებები მოსახლეობისთვის უფასოა.