უცხოელი ვეტექიმების განცხადებით, სპილო გრანდის ოპერაცია ყველაზე რთული იყო მათ პრაქტიკაში
თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია ზოოპარკის ბინადარ სპილო გრანდის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, სპილო კვლავ სუსტადაა, თუმცა გასული ღამე კარგად გადაიტანა და ურთულესი ოპერაციის შემდეგ უკვე ცუღლუტობის ხასიათზეა.
„ალბათ, სულმოუთქმელად ელით ცნობებს გუშინდელი დღის გმირის, ჩვენი გრანდის შესახებ. აი ისიც. ხელმეორედ დაბადებული და გაღმა სამყაროდან მობრუნებული. ღამე კარგად გადაიტანა. ცოტა სუსტადაა, რაც ამგვარი ურთულესი ოპერაციის შემდეგ არცაა გასაკვირი, თუმცა უკვე ცუღლუტობის ხასიათზეა. ხორთუმით საბურავები შემოზიდა და აგორავებს აქეთ-იქით. თან ვოლიერის მეორე მხარეს მონარნარე უმშვენიერეს მეუღლეს უჭვრიტინებს და გრძელწამწამიან თვალებსაც უპაჭუნებს. გრანდს დაწვრილებით მოვუყევით გუშინდელი ამბები, თუ როგორ განიცდიდა და ღელავდა მთელი ქვეყანა, როგორ რეკავდნენ, გვწერდნენ, როგორ გვთავაზობდნენ დახმარებას მისი მეგობრები, როგორ არ იძინებდნენ ბავშვები სპილოს გაღვიძების მოლოდინში და როგორ მოჰქონდათ ჩვენს გულშემატკივრებს შუაღამისას საკვები, ზოოპარკის გადაღლილი თანამშრომლები მოშიებულები იქნებიანო… ის აჟიოტაჟიც აღვუწერეთ, მის წამოდგომას რომ მოჰყვა – ცრემლიანი თვალები, მოლოცვები და ჟივილ-ხივილი.
ამ ისტორიებს რომ ისმენდა, მადლიერების ნიშნად თავს გვიქნევდა და თან კიტრებს ახრამუნებდა. ყველას მადლობა გადმოგცათ. იმედია Facebook – მოლოცვებით არ შემოიფარგლებიან, მოვლენ და მომინახულებენო.
უცხოელი ვეტექიმების განცხადებით, გრანდის ოპერაცია მათ პრაქტიკაში ყველაზე რთული იყო. ამგვარი გართულება არც ერთ მათ პაციენტს არ ჰქონია. მდგომარეობა მოსალოდნელზე ბევრად მძიმე აღმოჩნდა, ამიტომ პროცესი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. მოტეხილ ეშვთან ერთად ექიმებმა ქვები, ხრეშისა და ქვიშის ნარჩენები და უზარმაზარი კისტა ამოიღეს, რომელიც ჩირქის წარმოქმნისა და მთელ ორგანიზმში ინფექციის გავრცელების წყარო იყო. ბევრს აინტერესებდა, ნამდვილად არსებობდა თუ არა ეშვის ამოღების აუცილებლობა, ამიტომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დიახ, მოტეხილი ეშვის ამოღება აუცილებელი იყო. ხომ ყველას გტკიებიათ კბილი ცხოვრებაში ერთხელ მაინც? აი დაახლოებით ასეთი ტკივილით უწევდა ცხოვრება ჩვენს საბრალო გრანდს. თანაც, მოტეხილი ეშვი მუდმივი ანთებითი პროცესის კერა იყო, ეს კი გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად გამოიწვევდა სპილოს სიკვდილს.
გამომდინარე იქიდან, რომ ოპერაცია გართულდა, ვეტექიმებმა მხოლოდ ერთი ეშვის ამოღება მოახერხეს. მეორე ეშვის ამოღების ოპერაციის გაკეთება დაახლოებით 2 წელიწადში იქნება შესაძლებელი. აი მაშინ კიდევ ერთხელ მოგვიწევს ამ ნერვიულობის გადატანა… მანამდე კი მივეგებოთ ჩვენს გრანდს და მივულოცოთ ხელმეორედ დაბადება“,- აცხადებენ ზოოპარკის ადმინისტრაციაში.