ამირან გამყრელიძე: საქართველოში ებოლას ვირუსი არ დაფიქსირებულა

„საქართველოში აფრიკის ქვეყნებიდან შემოსულ ადამიანებს ებოლას ვირუსზე აკვირდებიან“- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა. გამყრელიძის ინფორმაციით, ებოლას ვირუსი აფრიკის 6 ქვეყანაშია გავრცელებული. ამ ქვეყნებიდან, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში სულ 73 ადამიანი შემოვიდა. 46 ადამიანზე კონტროლი მოიხსნა, რადგან მათ ებოლას ვირუსი არ აღმოაჩნდათ, დანარჩენებზე კი დაკვირვება გრძელდება.
„გლობალური უსაფრთხოების საქმეში ნაბიჯები საქართველომაც გადადგა. აფრიკის ამ ქვეყნებიდან საქართველოში შემოსული ადამიანების აღრიცხვა ხდება. შემოსვლისთანავე მათ სპეციალური საინფორმაციო ბუკლეტებიც ურიგდებათ, სადაც დეტალურადაა აღწერილი, თუ რა გამოვლინებებს უნდა დააკვირდნენ. ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 21 დღის განმავლობაში გრძელდება და ეს ადამიანები ჩვენი ეპიდომიოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან“, – აღნიშნა გამყრელიძემ. მისივე ინფორმაციით, 73 ადამიანიდან მხოლოდ ერთი იყო ლიბერიიდან ჩამოსული ქართველი, დანარჩენები კი ნიგერიიდან:
„ ვირუსის რეზერვუარები ღამურები არიან, რომლებიდანაც ვირუსი ადამიანს გადაეცემა, შემდეგ კი, ძირითადად, ადამიანიდან ადამიანზე გადადის. ებოლას ვირუსი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ვირუსული ინფექციაა. მისი ეპიდემიური აფეთქება მსოფლიოში გაზაფხულზე დაიწყო. ის, ძირითადად, აფრიკის 4 ქვეყანაში – ლიბერიაში, სიერალეონეში, გვინეასა და ნიგერიაში იყო ლოკალიზებული, თუმცა ბოლო სამი ოთხი კვირის განმავლობაში შემთხვევები აფრიკის კიდევ ორ ქვეყანაში – კონგოსა და სენეგალიში დაფიქსირდა“.
ებოლა გახლავთ ურთულესი ვირუსი, რომლის ლეტალური მაჩვენებლის საფრთხე 30 -დან 90 %-მდე მერყეობს. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ლეტალობის მაჩვენებელი 49% -ია. „აფრიკის ქვეყნებში ამ დროისთვის 53 35 შემთხვევაა დაფიქსირებული და აქედან 2622 გარდაიცვალა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები