დავით ნარმანიამ ქართლის დედის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დასუფთავების აქციაში – “დავასუფთაოთ საქართველო“ – მიიღო მონაწილეობა. მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანიამ, აქციის მონაწილეებთან ერთად, ნარიყალაზე, ქართლის დედის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა. სამდღიან აქციაში გარემოსდამცველ ორგანიზაციებთან ერთად ჩართულები არიან თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვისა და დასუფთავების სამსახურები.
„დედაქალაქის დასუფთავებაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია. ყველამ უნდა იზრუნოს, რომ ქუჩაში არ დავყაროთ, არ დავტოვოთ ნარჩენები. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ძალიან აქტიურ ქმედებებს ვიწყებთ. იქნება ეს დედაქალაქში დამატებითი ურნების დადგმა, მასშტაბური აქციები, საინფორმაციო კამპანია თუ სხვადასხვა სახის ღონისძიებები. სუფთა ქალაქი ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ,“ – განაცხადა თბილისის მერმა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციაში მონაწილობდნენ შვედეთის ელჩი საქართველოში, მარტინა კვიკი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლები. აქციას „დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით, თბილისის მერიის და გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი ,,ეკოხედვა” და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ ახორციელებს. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში დაფუძნებული კამპანიის ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World) ფარგლებში, დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია 19-21 სექტემბერს მსოფლიოს 134 ქვეყანაში ტარდება. საქართველო მსოფლიო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა და ის რიგით 121 -ე ქვეყანა იყო, რომელიც დატანილი იქნა მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები