სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებიდან მსჯავრდებულთა გადაყვანა დასრულებულია
სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებიდან მსჯავრდებულთა გადაყვანა დასრულებულია – ამის შესახებ „კვირას“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, სამინისტრო ომბუდსმენის რეკომენდაციებს იზიარებს და შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა მსჯავრდებულთა გადაყვანა N6 დაწესებულებიდან „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის № 178 ბრძანებით დადგენილი წესით უზრუნველყო. № 6 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთა სხვადასხვა დაწესებულებებში გადანაწილება განპირობებულია მოცემულ დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოების დაწყებით. აღნიშნული მიზნად ისახავს დაწესებულების პირობების ციხის ევროპული წესებით განსაზღვრულ სტანდარტებთან მაქსიმალურ მიახლოებას, რაზეც რამდენიმე რეკომენდაციით საქართველოს სახალხო დამცველმაც მოგვმართა. სამინისტრო იზიარებს ომბუდსმენის რეკომენდაციებს და ატარებს შესაბამის ღონისძიებებს, რომელთა დასრულების შემდეგ, №6 დაწესებულება გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობებით, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას“, – აცხადებენ სამინისტროში.