“თაღლაურას” დახურული ობიექტი ფუნქციონირებას თვითნებურად განაგრძობდა – რესტორანი განმეორებით დაჯარიმდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სახინკლე “თაღლაურა” განმეორებით დააჯარიმეს. სააგენტოს ცნობით, ობიექტი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის I ნაწილის (სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან ან ბაზრიდან გამოთხოვასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა) თანახმად დაჯარიმდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თბილისის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტ-ინსპექტორებმა შესაბამისობის შეფასების N449 აქტის საფუძველზე გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობებისთვის შპს “თაღლაურა მენეჯმენტ კომპანის” სახინკლეს შეუჩერეს საწარმოო პროცესი (ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება-რეალიზაცია) და ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა, საზკვების ობიექტმა თვითნებურად კვლავ განაგრძო ფუნქციონირება, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის I ნაწილის (ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან ან ბაზრიდან გამოთხოვასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა) თანახმად, შპს “თაღლაურა მენეჯმენტ კომპანი” განმეორებით დაჯარიმდა 1000 ლარით.
“თაღლაურას” ხელმძღვანელობამ გუშინვე აცნობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრის შესახებ და ითხოვა შეჩერებული საწარმოო პროცესის აღდგენა, რის შემდეგაც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გადაამოწმეს ობიექტი და მას აღუდგა ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება-რეალიზაციის უფლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები