ნანუკა ჟორჟოლიანი: ასე გააგრძელეთ, მეგობრებო. ეგ უნდათ „ნაციონალებსაც”
დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ყველა მოწმის დაიკითხვას „უშუალოდ ედგა თავზე“ ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. ამის შესახებ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, არცერთ დაკითხულ მოწმეს არ უთქვამს, რომ მათ გელაშვილის ცემის დავალება ერეკლე კოდუასგან მიიღეს.
„ფარცხალაძე, რეალური პროკურორი უშუალოდ ედგა თავზე ყველა მოწმეს, რომელიც გელაშვილის საქმეზე დაიკითხა. არცერთს არ უთქვამს, რომ მათ დავალება ერეკლე კოდუასგან მიიღეს, უფრო მეტიც! არცერთს არ უთქვამს, რომ ერეკლეს რაიმე შეხება ჰქონდა მომხდართან და, მიუხედავად ამისა, ბრალი, რომელიც მას წაუყენეს, 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს! ზუსტად ისეთივე ნაცემი იყო დავით კოდუა! ამას თვით „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ. მივიდა კაცი, ეს მე გავაკეთეო და, მსუბუქი დაზიანებააო, იგივე ფარცხალაძემ და გარეთ გამოდის! ამ პოსტზე ის წევრები დამითაგეთ კოალიციიდან, სამართლიანობის აღდგენას ხშირად რომ ახსენებენ და არ მითხრათ, რომ 9 წელი უარესები ხდებოდა. თუ ხდებოდა, კი გააკეთა არჩევანი ხალხმა! და არ მგონია, ეს ყოფილიყო მათი არჩევანი. ასე გააგრძელეთ, მეგობრებო. ეგ უნდათ „ნაციონალებსაც“, – წერს ჟორჟოლიანი.