გარდაიცვალა თბილისის გერბის ავტორი ემირ ბურჯანაძე

გარდაიცვალა ცნობილი ქართველი გრაფიკოსი და მხატვარ-მონუმენტალისტი ემირ ბურჯანაძე. მხატვრის მრავალწლიანი შრომა წიგნის და არა მარტო წიგნის გაფორმებასთან იყო დაკავშირებული. ქართულ დიზაინში პირველი ეროვნული საფირმო, სასაქონლო და სარეკლამო ნიშნები, სხვადასხვა ტიპის სიმბოლური ემბლემები სწორედ მისი თაოსნობით შეიქმნა.
ემირ ბურჯანაძე სატიტულო, სარეკლამო და საპროექტო ქართული მხატვრული შრიფტების ავტორია. შექმნილი აქვს ქართული მონოგრამების სრული ციკლი, გერბები, საფირმო სასაქონლო ნიშნები და ებლემები. ემირ ბურჯანაძე საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისადმი და ქრისტეშობის 2000 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო 10 – ლარიანი მონეტის შემქმნელია. 1970 წლიდან მხატვარი მუშაობდა თბილისის სიმბოლიკაზე: თბილისის გერბი და გერბის ვარიანტები, თბილისის დროშა, თბილისის გასაღები, თბილისის სიმბოლო, თბილისის საპატიო მოქალაქის მედალი და დიპლომი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ილია მეორის პირადი ნიშნები და ორდენი და სხვა. 2005 წელს ემირ ბურჯანაძე თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები