თსუ-ს რექტორი უნივერსიტეტისთვის დაფინანსებას ითხოვს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი უნივერსიტეტისთვის პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას ითხოვს. ამის შესახებ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც ერთი წლის განმავლობაში მისი რექტორად მუშაობის ანგარიში წარადგინა.
პაპავას თქმით, დღეისთვის უნივერსიტეტში სწავლის საფასური 2250 ლარს შეადგენს, არის ისეთი პროფესიები, რომელშიც სტუდენტის მოსამზადებლად ბევრად უფრო მეტი დანახარჯია საჭირო. მისივე განმარტებით, მათ არ შეუძლიათ გაზარდონ სწავლის საფასური, ან მოახდინონ დიფერენცირება, რადგანაც სახელმწიფოს გრანტის ოდენობა სწორედ 2250 ლარს შეადგენს. უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, დასავლეთის სახელმწიფოების უნივერსიტეტებში, უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების შენატანი ბიუჯეტში მხოლოდ 10 პროცენტია, მეტი წილი სახელმწიფოს მხარდაჭერაზე მოდის, საქართველოში კი სახელმწიფოს მხარდაჭერა ნულის ტოლია. გარდა ამისა, პაპავამ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის I კორპუსი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით გარემონტდა, დანარჩენ კორპუსებში კი, სავალალო მდგომარეობაა და რემონტს საჭიროებს.