ფანჯიკიძემ ალასანიას ჩექმა დაუწუნა – რას დაჰპირდა თავდაცვის მინისტრი მეუღლეს
“ვას ზოლ დას-მეთქი!!!” (ქართულად “რას გავს ეს-მეთქი?”) – ამ კითხვით მიმართა ფსიქორეაბილიტაციის ცენტრ „კამარას“ ხელმძღვანელმა ნათია ფანჯიკიძემ მეუღლეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას, რომელიც გუშინ წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო. „ნიკო და მე“ – ამ სათაურით ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც საკუთარ ემოციებს გადმოსცემს. ამ ცერემონიალს „სასწავლო ცენტრ „კრწანისში“, საქართველოს შეიარაღებული ძალების წვევამდელის ნიკოლოზ ალასანიას მშობლების გარდა, სხვა წვევმდელების მშობლები და ნათესავებიც დაესწრნენ. ჯარისკაცის დედას შვილის „ბათინკებზე“ უკეთესი წარმოდგენა ჰქონდა და ამიტომ „ბათინკის“ ხარისხმა მას იმედი გაუცრუა.
როგორც ნათია ფანჯიკიძე ამბობს, მას თავდაცვის მინისტრმა პირობა მისცა, რომ ახლო მომავალში საქართველოს შეიარაღებულ ძალების სამხედრო მოსამსახურეებისათვის „ბატინკებს“ მკვეთრად განსხვავებული და ხარისხიანი ფეხსაცმელი ჩაენაცვლება. „კვირა“ ნათია ფანჯიკიძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ: „ნიკო და მე. ისეთი ფოტოებიც დავინახე, მამაც რომაა გარეული, მაგრამ ეს ავარჩიე, რომ “დედა უფრო გიყვარს თუ მამაზე” სწორი პასუხი კარგად გაუჯდეს. ახლა ამბები თქვენთვის: კარგი მხარე – კვება არის გადასარევი, ყაზარმები კრიალა, მეთაურები კარგიანები. ნაკლი – ბატინკზე უკეთესი წარმოდგენა მქონდა. “ვას ზოლ დას-მეთქი!!!” (ქართულად “რას გავს ეს-მეთქი?”) – რომ ჩავხედე თვალებში ირაკლის, როგორც ევროკავშირთან ასოცირებულმა მოქალაქემ, რომელსაც ხარვეზები ვეღარც კი წარმოუდგენია, რომ შეიძლება არსებობდეს, მივიღე მტკიცე პასუხი, რომ ხედავენ, იციან, განიცდიან და უკვე სამი სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადებული ნიმუშია გამოსაცდელად “ჩაშვებული” და მალე ესეც გამოსწორდება. კარანტინის მერე რეჟიმის ორი არჩევანია, – ან ექვსი თვე გამოუსვლელად ყაზარმული, ან ერთწლიანი – 24 საათი მსახურება და დღენახევარი დასვენება, ოღონდ თვეში 5 დღე ყაზარმული. ნიკოს ბატალიონს შეხვდა ერთწლიანი რეჟიმი. 2017-დან ირაკლის ჯარი გადაყავს მთლიანად ნებაყოფლობითზე. მისი არგუმენტია – ძალით წაყვანილ ჯარისკაცზე ფულის ხარჯვა სისულელეა. ჩემი არგუმენტია – ძალით ადამიანს მუსიკაც არ უნდა ასწავლო და ტორტიც არ უნდა აჭამო. ანუ ვთანხმდებით. ნიკოს აკადემიური რომ არ აეღო უნივერსიტეტიდან, მოუსწრებდა ეს სიკეთე, მაგრამ ამბავი ასე განვითარდა: მამამისმა უთხრა, თუ წასვლას აპირებ, გიგვიანდებაო (წელს 22-ის ხდება), ავდექი და გამოვედი ვრცელი სიტყვით.
მოკლე შინაარსი: ბარემ მეც წამიყვანე-მეთქი.. სანამ ტირადა (ჩემი აზრით ეფექტური) დავასრულე, ნიკოს აუბრჭყვიალდა თვალები და “აუ, მინდა! რა მაგარიაო!” – მერე მე მომიბრუნდა და “დე, სამაგიეროდ, როცა მეტყვი, შენი ხათრით ფსიქიატრიულში დავწვები, გული არ დაიწყვიტოო”.
აი, ასეთი ხათრიანი, სინამდვილეში ჩიტოსანია ნიკო და ასე პატივისცემით ეკიდება ჩემს რჩევას, ადრე რომ ვთხოვდი, სამედიცინოზე იფიქრე, შენგან კარგი ფსიქიატრი დადგება-თქო. მაინც ვღელავდი, რას არ ვიცი. ალბათ იარაღთან ურთიერთობას ყველაზე მეტად, მაგრამ გუშინ რომ ვნახე ჩემი შვილი, ხალისიანი, ახალი სახუმარო ფრაზებით დატვირთული, უკარგეს ახალმეგობრებშეძენილი და ვითომ ხუმრობით მიმღეროდა საბრძოლო სიმღერებს, რომელიც აშკარად მოსწონს…. ხო, კიდევ… ფიცის დადების ცერემონიალი ძალიან ამაღელვებელია. დავიქანცე ერთ საათში ემოციისგან“, – წერს ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.